მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მინისტრის განცხადებით, კლინიკებში ინფექციების კონტროლს სისტემური ხასიათი მიეცა

მინისტრის განცხადებით, კლინიკებში ინფექციების კონტროლს სისტემური ხასიათი მიეცა

სანამ კლინიკებში ინფექციების კონტროლის საკითხს სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, ამას თავს არ დავანებებთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კლინიკებში ინფექციების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანია, რათა მოქალაქეებმა მკურნალობის პროცესში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. მინისტრის განცხადებით, ინფექციების კონტროლს სისტემური ხასიათი  მიეცა და არის კლინიკები, სადაც შემოწმებაზე უკვე ორჯერ და სამჯერაც მივიდნენ.

„სანამ სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, თავს არ დავანებებთ. იმ კლინიკების, რომლებიც სამწუხაროდ ვერ შეძლებენ, უზრუნველყონ ადეკვატური და ხარისხიანი მკურნალობა, მოგვიწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩახსნა და შემდეგ ალბათ უფრო მძიმე სანქციების გატარება,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კლინიკებში ინფექციების კონტროლის კუთხით არსებულ ვითარებაზე ზურაბ აზარაშვილმა ხმაურიანი განცხადება მიმდინარე წლის აპრილშიც გააკეთა. მაშინ მან აღნიშნა, რომ რამდენიმე კლინიკაში ინფექციების კონტროლის კუთხით სამწუხარო და სავალალო მდგომარეობაა. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება შემოწმება ინფექციების კონტროლის, ასევე პროტოკოლებისა და გაიდლაინების სწორად მკურნალობის შესწავლის და ფინანსური კუთხითაც.

კლინიკებში ნოზოკომიური, ანუ შიდა ინფექციების კონტროლის კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც.

ტიკარაძემ განაცხადა, რომ ზოგ შემთვევაში პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით.ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …