მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მინიმალური ანაზღაურება სკოლის ექიმებსა და ექთნებს არ ეხება და მხოლოდ სტაციონარებზე ვრცელდება

მინიმალური ანაზღაურება სკოლის ექიმებსა და ექთნებს არ ეხება და მხოლოდ სტაციონარებზე ვრცელდება

მინიმალური ანაზღაურების სისტემა სკოლის ექიმებსა და ექთნებს არ ეხებათ – ეს განმარტება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა გააკეთა. მან განმარტა, რომ მინიმალური ხელფასების სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართულ კლინიკებზე ვრცელდება.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მინიმალური ხელფასი. იმ ექთნებს და ექიმებს, რომლებსაც მანამდე ამაზე მაღალი ხელფასი ჰქონდათ, ან დარჩებათ იგივე ხელფასი ან მომავალში გაეზრდებათ – ეს კლინიკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული,“ – განმარტა ილია ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. რეფორმის მიზანი სამედიცინო პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და შესაბამის ანაზღაურების უზრუნველყოფაა.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

შესაბამისად, მინიმალური ხელფასის სისტემა არ შეეხება ლაბორატორიულ დაწესებულებებს, რადგან მთავრობის დადგენილების თანახმად, საუბარია მხოლოდ სტაციონარებში დასაქმებულ მედიკოსებზე, იქნება ეს მრავალპროფილური თუ მონოპროფილური (მაგალითად ფსიქიატრიული) კლინიკის თანამშრომლები.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა, ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

აღნიშნული რეგულაციის აღსრულებას შრომის ინსპექცია გააკონტროლებს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …