მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „მეორე აცრის გაკეთება ზედმეტია?“ – კოვიდსაბჭოს გადაწყვეტილებამ კოვიდგადატანილ მოქალაქეებში გაუგებრობა გამოიწვია

„მეორე აცრის გაკეთება ზედმეტია?“ – კოვიდსაბჭოს გადაწყვეტილებამ კოვიდგადატანილ მოქალაქეებში გაუგებრობა გამოიწვია

საკოორდინაციო საბჭოზე გუშინ გაჟღერებულმა ინფორმაციამ, რომელიც კოვიდგადატანილ და ერთხელ აცრილ ადამიანებს შეეხება, მოქალაქეთა ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია. ასაცრელად მისული ადამიანები, ასევე  სოციალური ქსელების მომხმარებლები ინტერესდებიან, ზედმეტია თუ არა მეორე დოზის გაკეთება, თუ მათ კოვიდი გადატანილი აქვთ.

გაუგებრობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილი პირები, ვისაც აქვს ერთხელ გაკეთებული ვაქცინა, გათანაბრდებიან ორი დოზით ვაქცინირებულებთან და მათზე გავრცელდება ის რეგულაცია, რაც არის სრულად ვაქცინირებული პირებისთვის.

ღიბრაძემ მხოლოდ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას დააზუსტა, რომ საუბარია ქვეყანაში შემოსვლისას პირებზე, რომლებიც, თუკი კოვიდი გადატანილი აქვთ და ერთი დოზა ვაქცინა აქვთ გაკეთებული, გათავისუფლდებიან საზღვრის კვეთის დროს დადგენილი რეგულაციებისგან. მაგალითად, ასეთი რეგულაციაა პისიარ ტესტის წარდგენის ვალდებულება.

აღნიშნულ თემას დღეს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, არა აქვს მნიშვნელობა როდის გადაიტანა უცხოეთიდან შემოსულმა პირმა კოვიდი, ის ერთჯერადად აცრის შემთხვევაში მაინც სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება.

შეგახსენებთ: საქართველოში მოქმედი კანონით, კოვიდ ინფექციის დადასტურებიდან 30-ე დღეს ვაქცინაცია შესაძლებელია. თუ პირი ერთხელ აიცრა და ამის შემდეგ დაინფიცირდა, მეორე აცრა ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30-ე დღესაა შესაძლებელი. კოვიდგადატანილი და ერთჯერადად აცრილი პირები სრულად ვაქცინირებულებად არ მიიჩნევიან.

აცრის წინ, ანტისხეულების შემოწმება საჭირო არ არის. აღნიშნულის შესახებ კიდევ ერთხელ წერს და განმარტებებს აკეთებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ანა კასრაძე, რომელმაც ვაქცინის პირველი დოზა 17 მარტს გაიკეთა, 13 მაისს კი კოვიდი დაუდასტურდა (იმ პერიოდში მოქმედი რეგულაციებით, კოვიდის დადასტურებიდან ვაქცინის (მათ შორის მეორე დოზის) გაკეთება 120 დღის გასვლის შემდეგ იყო ნებადართული). ანა კასრაძემ ვაქცინის მეორე დოზა 10 აგვისტოს გაიკეთა.

„10 აგვისტოს გავიკეთე მეორე დოზა (ანტისხეულები არ შემიმოწმებია აცრის წინ რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ რომ ანტისხეულების ზედოზირება დამემართება და არანაირი გამოკვლევები არ გამიკეთებია). კოვიდის გადატანის მიუხედავად უნდა ავიცრათ, რათა უფრო მყარი იმუნიტეტი ჩამოგვიყალიბდეს!

დღევანდელი ეპიდსიტუაციის ფონზე აცრაზე უარის თქმა თვითმკვლელობის ტოლფასია!

ექიმი ან ნებისმიერი ადამიანი ვინც სხვას ურჩევს რომ არ აიცრას, პასუხისმგებლობას იღებს იმ ადამიანის სიცოცხლეზე!“  – წერს კასრაძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …