საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თავიდანვე უნდა ყოფილიყო ჩართული და გათვალისწინებული პირველადი მოხმარების მედიკამენტების დაფინანსების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი მედიკამენტების გაზრდილი ფასებისა და ხარისხის შესახებ საუბრისას აცხადებს.
დეპუტატს მიაჩნია, რომ მედიკამენტების ფასების დარეგულირებას სუბსიდირება ვერ უშველის.
„ვთქვათ, დღეს მოვახდინეთ სუბსიდირება. გავა ერთი წელი და ბიუჯეტში ფული აღარ იქნება. მერე რას ვაპირებთ? ამიტომ, ამ სიტუაციიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ჩვენ არა ვართ ისეთი განვითარებული და ძლიერი სახელმწიფო, რომ გვქონდეს თანხები და შეგვეძლოს რაღაცების სუბსიდირება.
უმჯობესია, მთავრობამ და სახელმწიფომ იზრუნოს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, რაც მოსახლეობას გაუჩენს შემოსავალს და ყველა ადამიანს ექნება საშუალება, თავად იზრუნოს საკუთარ თავზე. მყიდველუნარიანი მოსახლეობა თავად მიხედავს თავის ჯანმრთელობასაც და უპრობლემოდ შეიძენს მედიკამენტებსაც და პროდუქტსაც“, – აცხადებს დეპუტატი.
ასევე, დეპუტატს მიაჩნია, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ზოგადად, ვთვლი, რომ ჩვენ უკვე მესამე ქვეყნებში გავდივართ. ბაზარზე შემოდის ისეთი ხარისხის წამლები, რომლებიც, ფაქტობრივად, წამლობას ვერ სწევს, არ აქვს შედეგი. ამიტომ, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს.
თუმცა ამ საკითხს კომპეტენტური ადამიანები უნდა წყვეტდნენ. მთავარია, რომ ხარისხის კონტროლის გამკაცრებით კორუფციის ახალი ბუდე არ შეიქმნას“, – განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.