გიორგი ღვინიაშვილი: მედიკამენტების ხარისხი აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ თავმჯდომარის მოადგილე და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ სიტუაციას ეხმაურება.
მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა ძალიან ცუდად აისახა მოსახლეობაზე, რადგან ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ყოფა უფრო მეტად დაუმძიმდა.
„მედიკამენტების გაძვირება ხდება ლარის კურსის დაცემის და ეკონომიკის უკუსვლის ფონზე და ასეა ყველა სფეროში, არა მხოლოდ ფარმაცევტულ ბაზარზე. უნდა აღვნიშნო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ძალიან კარგი, მაგრამ უაზროდ იფლანგება ძალიან ბევრი ფული ბევრ მდიდარ ადამიანზე.
ეს რომ ასე არ ხდებოდეს, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, რომ სოციალურად დაუცველებზე და პენსიონერებზე, რომელიც ყველაზე გაჭირვებული ფენაა, გარკვეული შეღავათები დაწესებულიყო მედიკამენტებზე. საყოველთაო ჯანდაცვა კარგია, დიახ, მაგრამ შეძლებული ადამიანი და სოციალურად დაუცველი ერთნაირად სარგებლობს ამ პროგრამით და ეს არ არის სამართლიანი“, აცხადებს ღვინიაშვილი.
რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს და უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს“, – მიაჩნია დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან.