ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერებმა ადამიანებზე დაიწყეს ახალი პრეპარატის გამოცდა, რომლის მიზანიც ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერების გამოდევნაა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მედიკამენტ HOPO 14-1-ს სხვადასხვა დოზას 40 მოხალისე მიიღებს. მათ მდგომარეობას და გვერდით მოვლენებს ექიმები დააკვირდებიან. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ კვლევის პირველი ფაზის შედეგები 2024 წლისთვის გახდება ცნობილი.
გამოცემის ინფორმაციით, ამ დრომდე არსებობს ორი პრეპარატი, რომელიც ორგანიზმში ინექციის საშუალებით შეიყვანება და პლუტონიუმის, ამერიციუმის ან კიურიუიმის საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. ასევე არსებობს მედიკამენტი ცეზიუმისა და თალიუმის გამოსადევნად.
თუ HOPO 14-1-ის ეფექტიანობა დადასტურდება, ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა, პაციენტები, სხვა ნივთიერებებთან ერთად, დაიცვან ურანისა და ნეპტუნიუმისგან, რომლებსაც ე.წ. ბინძური ბომბების შესაქმნელად იყენებენ.
„ბინძური ბომბი“ არის იარაღი, რომელიც ჩვეულებრივი ამაფეთქებლის გარდა რადიოაქტიურ მასალასაც შეიცავს. მისი მიზანია აფეთქების ირგვლივ არსებული ზონის დაბინძურება რადიოაქტიური მასალით. „ბინძური ბომბი“ არ მიეკუთვნება ბირთვულ იარაღს. ისტორიაში მისი გამოყენების ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა.