საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დაკმაყოფილება საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ქვეყანაში სტანდარტების სისტემის დანერგვა აუცილებელია და საბოლოო ჯამში ეს როგორც პაციენტის, ისე კლინიკის ინტერესებში შედის.
ამის შესახებ jandacva.ge-ს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, კოვიდპანდემიის პერიოდში, როდესაც მცხეთის სამედიცინო ცენტრი კოვიდმიმღები კლინიკა იყო, დაწესებულება ინფრასტრიქტურულად დაზარალდა, რის გამოსასწორებლადაც ინვესტიციების განხორციელება და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.
მისი თქმით, კლინიკას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება საკითხის ფინანსურ მხარეს, ლიკა მუმლაძე ამბობს, რომ აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილებას ათეულობით ათასი ლარის ინვესტიცია დასჭირდება, თუმცა ეს საჭირო და გამართლებული ხარჯია.
„ცვლილებები შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შესაძლოა, ეს იყოს მტკივნეული და ხარჯიანი პროცესი, თუმცა დროა, გადავეწყოთ ახალ სტანდარტებზე და სამედიცინო სფერო მეტად სტანდარტიზებული იყოს. აკრედიტაცია მხოლოდ ლამაზ კედლებს არ გულისხმობს. როცა ჩვენ უცხოეთის კლინიკები მოგვწონს ჯანდაცვის აწყობილი სისტემა, ესაა იმის შედეგი, რომ მათ ეს რეფორმები მრავალი წლის წინ აქვთ გავლილი. უნდა მივეჩვიოთ ამას. გასაგებია, რომ ქვეყანაში არსებული ყველა კლინიკა საერთო სტანდარტის ვერ იქნება, მაგრამ უნდა არსებობდეს სტანდარტები სხვადასხვა დონის კლინიკისთვის. ესაა დაწესებულებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემსახურებიან, ამიტომ ისინი შესაბამის სტანდარტებში უნდა იყვნენ მოქცეული,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
შეგახსენებთ: 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის, სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია. რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი
სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.