პანდემიის მწვავე ფაზის გადავლის შემდეგ კოვიდკლინიკების ნაწილი აქცენტს პოსკტოვიდურ გართულებებზე აკეთებს.
მცხეთის სამედიცინო ცენტრში, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთერთი მსხვილი კოვიდმიმღები კლინიკა იყო, პოსტ-კოვიდური განყოფილება გაიხსნა, რომელსაც პაციენტებს შეუძლიათ კოვიდ ვირუსით გამოწვეული გართულებების სამკურნალოდ მიმართონ.
„კოვიდ-19-თან ასოცირებული სიმპტომები შესაძლოა მიმდინარეობდეს რამდენიმე თვე.
ყველაზე მეტად გავრცელებული პოსტ-კოვიდური სიმპტომებია: დაღლილობის შეგრძნება, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, ხველა, სახსრების ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, მეხსიერების, კონცენტრირების ან ძილის პრობლემები, კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი, ტაქიკარდია / ბრადიკარდიის ეპიზოდები, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა (ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი), დეპრესია და შფოთვითი აშლილობა,
დაბალი (სუბფებრილური) ტემპერატურა, თავბრუსხვევა დგომისას, გამონაყარი, თმის ცვენა, მენსტრუალური ციკლის ცვლილება. COVID-19 ძირითადად გავლენას ახდენს ფილტვებზე, თუმცა ასევე შეუძლია დააზიანოს მრავალი სხვა ორგანო, მათ შორის გული, თირკმელები და ტვინი. ორგანოთა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გართულებები, რომლებიც გრძელდება COVID-19 დაავადების შემდეგ, სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემები, გულის გართულებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ინსულტი და გილენ-ბარეს სინდრომი (იწვევს დროებით დამბლას).
რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობდა დაავადება, მით უფრო გრძელვადიანი და მრავალსიმპტომიანია პოსტ-კოვიდური გართულებები.პოსტ-კოვიდური კარდიული გამოვლინება შესაძლო იყოს: მიოკარდიტი, არითმია, იშემია,“ – აცხადებენ კლინიკაში.
ამ ეტაპზე კლინიკა ჩვეული გრაფიკით მუშაობს და პაციენტებს გეგმიურ სერვისებსაც სთავაზობს. ამასთან, სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდგანყოფილება შენარჩუნებულია.