მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ეჭვქვეშ დგას. შაბათს, როდესაც საყოველთაო იმუნიზაციისთვის რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, დაჯავშნის საიტი გაითიშა, რაც ხელისუფლებამ კიბერშეტევით ახსნა და გამოძიების დაწყება დააანონსა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც აცრების დაჯავშნის საიტზე მასშტაბური ტექნიკური შეფერხება მოხდა. 12 მაისს, როდესაც “სინოფარმის” ვაქცინებზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, საიტი ფაქტოვრივად პარალიზდა. ხარვეზი მაშინაც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ “აიტი” სამსახურმა ამ ფაქტის შესწავლა დაიწყო, თუმცა პასუხი კითხვაზე – რა მოხდა პორტალზე, საზოგადოებისთვის დღემდე არავის გაუცია.
დაპირების მიუხედავად, ასევე პასუხგაუცემელია კითხვა “ასტრაზენეკას” ვაქცინების დეფიციტთან დაკავშირებით, რის გამოც უკვე ორი კვირაა, პირველ დოზაზე რეგისტრაცია საერთოდ გაუქმებულია, მეორე დოზაზე კი რეგისტრაცია მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, ვისაც მეორე აცრის ვადა ეწურება ანუ პირველი ინექციიდან მე-10-მე-12 კვირაში იმყოფებიან.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიბერშეტევის შემდეგ აღდგენილია და ფუნქციონირებს აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/