ეპიდემიოლოგების ნაწილი აკრიტიკებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, „მწვანე საშვით“ ის მოქალაქეებიც ისარგებლებენ, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქვთ გადატანილი.
ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე, გაუგებარია, რატომ მოუწოდებს მთავრობა კოვიდგადატანილ ადამიანებს აცრისკენ.
„მაშინ უარი ვუთხრათ კოვიგადატანილებს ვაქცინაციაზე და ეს სურვილის მიხედვით დავუტოვოთ. ვერ ვხსნი, ეს არაა სწორი გადაწყვეტილება. ყველა ქვეყანაში 6 თვეა ამისთვის და ეს იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური პერიოდი. 2020 წლის ნოემბერში გადატანილს რომ ვუთხრათ, რომ არ სჭირდებათ საზოგადოებრივ სივრცეებში შესასვლელად ვაქცინაცია, ესაა გაუმართლებელი და არავითარი მეცნიერული ახსნა ამას არ აქვს,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ვაქცინირებულთან შედარებით კოვიდგადატანილს 5,4-ჯერ მეტი რისკი აქვს, ინფიცირების შემთხვევაში მძიმე დაავადებით მოხვდეს სტაციონარში
აქედან გამომდინარე, იმუნოლოგისთვის გაურკვეველია, რატომ არ ჩაიდო კოვიდ-პასპორტის მექანიზმში კოვიდის გადატანიდან 6-თვიანი ვადა და დარწმუნებულია, რომ ეს პირობა გადაიხედება.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
„მინდა, განმარტება მინდა გავაკეთო, იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.