მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მარტივი გავრცელება და მსუბუქი მიმდინარეობა – ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალ შტამზე

მარტივი გავრცელება და მსუბუქი მიმდინარეობა – ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალ შტამზე

ახალ, ჰობრიდულ შტამს ჯერჯერობით ოფიციალური სახელი არ აქვს – მას მოიხსენიებენ დელტაკრონად და დელტამიკრონად. უახლოეს დღეებში კი მისი თვისებების შესახებ პუბლიკაციები გამოჩნდება. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული შტამი მეცნიერებმა იანვრის ვიორუსოლოგიურ მასალებში აღმოაჩინეს. რაც შეეხება მის თვისებებს, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „დელტაკრონს“ ომიკრონიდან წამოღებული აქვს წვეტის ცილის ელემენტები, დელტადან კი – ძირითადი ნაწილის ელემენტები.

მედიკოსის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის ეს ახალი ვარიანტი იოლად გავრცელებადი იქნება და იოლად შეიჭრება ორგანიზმში – სწორედ შეჭრაზეა პასუხისმგებელი ომიკრონის ნაწილი, ამიტომ ის არ გამოიწვევს მძიმე მიმდინარეობას, რადგან თავმოყრილი იქნება ზემო სასუნთქ გზებში და ვერ ჩააღწევს ფილტვებამდე. ჩხაიძე ასევე განმარტავს, რომ ახალი შტამისთვის უფრო მეტად დამახასიათებელი იქნება ომიკრონის მსგავსი გავრცელება, მაგრამ არა დელტას მსგავსი დაავადების სიმძიმე. ეს კი, მისივე შეფასებით, პოზიტიური ამბავია და შესაძლებელია, ეს შეფასება მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდეს.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ჰიბრიდული შტამით დაინფიცირების 33 შემთხვევა საფრანგეთშია დაფიქსირებული, 8 – დანიაში, თითო-თითო გერმანიასა და ნიდერლანდებში და 2 აშშ-ში. ჯამში 5 ქვეყანაში 50-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.

კითხვაზე – რამდენად სწარაფად ვრცელდება ახალი ჰიბრიდული ვირუსი და რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ის სხვა ქვეყნებშიც იყოს აღმოჩენილი – ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ხანკმოკლე პერიოდში ომიკრონი სწრაფად ვრცელდებოდა ქვეყნებში და ქვეყნებს შორისაც, რაც ახალი ვარიანტის შემთხვევაში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. იაშვილის კლინიკის დირექტორი პროგნოზირებს, რომ ეს შტამი უფრო მეტად  ვირუსოლოგიური, თეორიული მნიშვნელობის იქნება და არა პრაქტიკული კუთხით.

„ფიქრობენ, რომ ამ ვირუსმა არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა და ახალი შემთხვევების მატება სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე ფიქრობენ, რომ ასეთი მუტაციები პანდემიის ბოლო პერიოდში იქმნება და მსგავსი ჰიბრიდული მუტაციები შემდგომში არ ვითარდება. ესაა ჩიხი ევოლუციის თვალსაზრისით და ესეც დადებითი მოვლენაა,“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ომიკრონის ახალი შტამის შესახებ განცხადება გუშინ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისი თქმით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …