მთელი მსოფლიო აქცენტს აკეთებს პირველად ჯანდაცვაზე, ჩვენ კი – ჰოსპიტალურ სექტორზე, რადგან ეს მომგებიანია. თუმცა ეს მოვლენა არაა ჯანსაღი – ამის შესახებ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა მარინა ბერაძემ განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის პრობლემა ისაა, რომ პრიორიტეტები არ გვაქვს სწორად განსაზღვრული. მთელი მსოფლიო აქცენტს აკეთებს პირველად ჯანდაცვაზე, ჩვენ კი – ჰოსპიტალურ სექტორზე და საწოლფონდის ასეთი დიდი რაოდენობა აქედან გამომდინარეობს, იმიტომ, რომ ეს არის უფრო მომგებიანი. მაგრამ თუ ჩვენ გამოვიკვლევთ ავადობის მაჩვენებელს, ვნახავთ, რომ ადამიანები უამრავ წამალს სვამენ, არის უამრავი ექიმი, ყველა აფთიაქში დადის, ყველა საავადმყოფოში წვება, უფინანსდება ოპერაციები. ოპერაციების დაფინანსება ნიშნავს ინვალიდობის მაჩვენებლის მომატებას. ანუ ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. ამიტომ აუცილებელია იმ ნორმატივების და ნორმების განსაზღვრა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა საჭირო. ამისთვის მზა ფორმულები არსებობს – როგორ უნდა გამოვთვალოთ, რამდენი ჰოსპიტალი, ლაბორატორია, ექიმი და ექთანი გვჭირდება,“- განაცხადა ბერაძემ.
ცნობისთვის: „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის“ თანახმად, 2012-დან 2021 წლამდე, საქართველოში 100 000 მოსახლეზე საავადმყოფოების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 4.9-დან 7.1-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 2,9-ს შეადგენს.