მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » მამუკა ნემსაძე ქალებს ურჩევს, კოვიდ-ვაქცინა დაორსულებამდე ან ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში გაიკეთონ

მამუკა ნემსაძე ქალებს ურჩევს, კოვიდ-ვაქცინა დაორსულებამდე ან ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში გაიკეთონ

მეან გინეკოლოგი, პროფესორი მამუკა ნემსაძე ქალებს ურჩევს, კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე ან მეორე-მესამე ტრიმესტრში გაიკეთონ,  ორსულობის პირველ 12 კვირაში კი, ანუ ემბრიონულ სტადიაზე, ვაქცინაციისგან თავი შეიკავონ.

ნემსაძის თქმით, აშშ-ში უკვე 160 ათასი ორსულია აცრილი, ბრიტანეთში კი 60 ათასი და არ არსებობს მონაცემები ისეთი პათოლოგიების მომატების შესახებ, როგორიცაა დიაბეტი, პრეეკლამფსია (გართულება ორსულობის პერიოდში, რომელიც მაღალი არტერიული წნევითა და ორგანოთა სხვა სისტემების დაზიანებით ხასიათდება), ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის განვითარების ანომალიები ან ზრდის შეფერხება. გინეკოლოგის თქმით, არ არსებობს ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც, დედის ვაქცინაციის შემდეგ ბავშვს რაიმე პათოლოგია განუვითარდა. ამასთან, მისი თქმით, წამყვანი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაცია ორსულობის ნებისმიერ ვადაზეა დასაშვები, თუმცა ბევრი წამყვანი სპეციალისტი ემბრიონულ პერიოდს, ანუ ორსულობის პირველ 12 კვირას, სიფრთხილით ეკიდება.

„ჩემი, როგორც ერთი მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციაა, ვაქცინაცია ჩატარდეს ან დაორსულებამდე ან ორსულობის 12 კვირის შემდეგ. ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მონაცემები, რომ ვაქცინაცია ემბრიონალურ პერიოდშიც ეს უსაფრთხოა. ამიტომ აცრა უმჯობესია ჩატარდეს ორსულობამდე ან ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში,“- განაცხადა მამუკა ნემსაძემ.

ამასთან, მან იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც აუცრელ ორსულებს კოვიდ-ინფიცირების შემთხვევაში ემუქრება. მისი თქმით, ორსულობის 28 კვირიდან ორსულის ორგანიზმზე დატვირთვა იზრდება, კოვიდინფექციის შემთხვევაში კი რისკები მატულობს, მათ შორის ვირუსის სამიზნე ხდება ფილტვები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ზიანდება.

მამუკა ნემსაძის თქმით, სტაციონარში მოსული 100 ორსულიდან 1 კოვიდინფიცირებულია.

ამასთან, მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და ასეთ შემთხვევაში სტაციონარიზაცია საჭირო არ არის.

მისივე თქმით, არ არსებობს მონაცემები კოვიდინფექციის ვერტიკალური, ანუ დედიდან შვილზე, მუცლადყოფნის პერიოდში გადაცემის შესახებ. ის გართულებები კი, რომლებსაც იწვევს ვირუსი, სერიოზულია და ესენია: ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …