მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » მაღალჩინოსნების სამედიცინო დახმარებაზე ბიუჯეტიდან 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა
ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების სამედიცინო ხარჯებს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებს.

მაღალჩინოსნების სამედიცინო დახმარებაზე ბიუჯეტიდან 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმიური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებისთვის 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სამინისტროდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვის სამედიცინო მომსახურებასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს, კონფიდენციალურია. ამავე წერილით გვიდასტურებენ, რომ ამ პიროვნებებს საკანონდმებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობები უკავიათ.

ჯანდაცვის სამინისტროდან დღემდე ველით ინფორმაციას, თუ რამდენმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა ისარგებლა დაზღვევის ამ პაკეტით დღემდე.

ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების სამედიცინო ხარჯებს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებს. ამ პროგრამის მიზანია:

“ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის თაობაზე შესაბამისი დასკვნის მომზადება.”

იმ ადამიანების საშუალო თვიური შემოსავალი, რომლებიც ამ პროგრამიდან ფინანსდებიან 3,790 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 7,764 ლარს აღწევს

2017 წელს მაღალი თანამდებობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების გეგმიური სამედიცინო დახმარების ხარჯებს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამიდან 310 000 ლარით დააფინანსებს.

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამიდან ცალკე გამოიყოფა ფული ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევისთვისაც. 2016 წელს ამისათვის 5,000 ლარი იყო გამოყოფილი, იგივე თანხაა გათვალისწინებული 2017 წლის ბიუჯეტშიც.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევისთვისაცაა გამოყოფილი (საქართველოს მოქალაქეების საშუალო თვიური ხელფასი 900,4 ლარია), თუმცა, წელს ამ პროგრამაში ცვლილებები შედის. 2017 წლის 1 მარტიდან საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ იმ ადამიანებს მოემსახურება, ვისაც ინდივიდუალური ან კორპორატიული დაზღვევა არ აქვს. მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილების მიხედვით, დაახლოებით 120,000-მდე ადამიანი, ვინც აქამდე მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობდა, ამიერიდან გაუმჯობესებულ სადაზღვეო პაკეტს მიიღებს.

დაახლოებით 150,000 ადამიანი კი, ვინც “დაშენებული დაზღვევის” პაკეტით სარგებლობს (ანუ მისი კორპორატიული/ინდივიდუალური დაზღვევა ფარავდა იმ ხარჯებს, რასაც არ ფარავდა საყოველთაო დაზღვევა) ბაზისური სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩება.

მაგალითად, მათ სახელმწიფო აღარ აუნაზღაურებს ჰოსპიტალურ ან ონკოლოგიურ ხარჯებს. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ ბაზისური დაზღვევის ხარჯები კერძო პირებმა და კომპანიებმა თავად უნდა დაფარონ. სადაზღვევო კომპანიები ამბობენ, რომ ცვლილებები კერძო და კორპორატიულ დაზღვევას 5-10%-ით გააძვირებს. უფრო მეტიც, “სადაზღვევო ასოციაცია” სამინისტროს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

 


ცვლილება არ შეეხებათ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, ვინაიდან მათ სამედიცინო ხარჯებს სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებს. ამ პროგრამის ბიუჯეტი კი უკვე გაწერილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებულია.

commersant.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …