მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ლიკა მუმლაძე: პაციენტები სამედიცინო პერსონალის მიმართ მოთმინებით უნდა აღიჭურვონ

ლიკა მუმლაძე: პაციენტები სამედიცინო პერსონალის მიმართ მოთმინებით უნდა აღიჭურვონ

არიან პაციენტები, რომლებსაც სურთ, რომ ოჯახის ექიმი მხოლოდ მათთვის იჯდეს ერთ ადგილას და ყოველ წუთს ურეკოს, ასეთი მოთხოვნები სისტემის კოლაფსს გამოიწვევს – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ჰოსპიტლებზე დატვირთვას არ მოუმატია, რაც ომიკრონის მსუბუქ მიმდინარეობას ადასტურებს. მაგრამ, მუმლაძის განცხადებით, ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან დიდი რაოდენობის დადასტურებულ შემთხვევებში იქნება საკმაოდ ბევრი მძიმე მიმდინარეობა, რამაც შეიძლება კლინიკები გადატვირთოს.

მისი თქმით, ახლა მთავარი დატვირთვა ოჯახის ექიმებზეა.

„ოჯახის ექიმებს ძალიან დიდი დატვირთვით უწევთ მუშაობა ონლაინ-რეჟიმში. ისევ ვაწყდებით რაოდენობრივ პრობლემას, თუ მიმართვების რაოდენობა ძალიან დიდი და იმაზე მეტი იქნება, ვიდრე შესაძლებელია იყოს პაციენტებთან კომუნიაკაცია, შეიძლება ამან სირთულეები შექმნას. მთავარია პაციენტები პანიკას არ მიეცნენ, დღეს ადამიანები ძალიან არიან გათვითცნობიერებულები და თითოეულ მოქალაქეში თითო ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი ცხოვრობს. მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ სამედიცინო პერსონალის მიმართ, რადგან არიან პაციენტები, რომლებსაც სურთ, რომ ოჯახის ექიმი მხოლოდ მათთვის იჯდეს ერთ ადგილას და ყოველწუთს ურეკოს, ასეთი მოთხოვნები სისტემის კოლაფსს გამოიწვევს,“- აცხადებს მცხეთის კლინიკის დირექტორი.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რეანიმაციაში გადაყვანის ფაქტები მინიმალურია, და ამ ეტაპზე რეანიმაციაში 8 პაციენტი გადის მკურნალობას.

„რადგან ნაკლებია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა, შიდა დამძიმების ფაქტებიც ნაკლებია,“ – აცხადებს ლიკა მუმლაძე და აღნიშნავს, რომ მცხეთის ჰოსპიტალში აცრილთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მინიმალურია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …