„კოვიდ 19-ის შედეგად ქვეყანაში დაღუპულია 13300-მდე ადამიანი, ანუ პრაქტიკულად იგივე რაოდენობა, რაც დავკაგრგეთ აფხაზეთის ომში. ახლაც ომში ვართ – მიკრიობის, ვირუსის წინააღმდეგ ომში. ამიტომ უნდა ვიყოთ მობილიზებული ისევე, როგორც ომში ყოფნის დროს მოგვეთხოვება,“ – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს მოზრდილთა ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის უფროსმა ლია გოლიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი პირბადის გარეშე დადის, დისტანციაზე კი საბუარიც არაა. ამიტომ უნდა ველოდოთ ომიკრონის ფართოდ გავრცელებას და დიდი რაოდნობით ავადმყოფს. ინფექციონისტის მოწოდებაა, ვისაც აცრა აქვს გაკეთებული, ბუსტერ დოზა გაიკეთონ. ლია გოლიაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, რაც უნდა სუსტი მიმდინარეობა ახასიათებდეს ახალ შტამს, მისი მასობრივად გავრცელება აუცილებლად გამოიწვევს მეტი პაციენტის დამძიმებას და გარდაცვალებას.
„ივნის-ივლისში დელტას შემთხვევები პრაქტიკულად არ გვქონდა და სექტემბერში, რაც დაიწყო დელტას შტამის გავრცელება, ამ სამ თვეში დაიღუპა იგივე რაოდენობის ადამიანი, რაც – გასულ წელიწად-ნახევარში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ომიკრონის შტამი ბევრად სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა და კორონავირუსის სხვა შტამები, უნდა ველოდოთ, რომ ომირკონის შტამი დელტას ალბათ იანვრის ბოლოს ჩაანაცვლებს. შესაბამისად, დაავადებულთა რიცხვი მეტი იქნება, რადგან, სამწუხაროდ, აცრებით მოცვა ჩვენთან დაბალია, ახალი აცრები კი ერთეული შემთხვევებია. ბუსტერ აცრებს იკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც უკვე აცრილები არიან და ვისაც სჯერა ამ აცრების.
სამწუხაროდ, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არ იცრება, არ იცრება შეგნებულად. ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იცავს წესებს. სამწუხაროდ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სჯერა ექსტრასენსების, მეზობლის, მამიდაშვილის… სპეციალისტის კი არ სჯერა. რატომაა ასე, არ ვიცი. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ერთ სულ მოსახლეზე საბჭოთა საქართველოში ყველაზე მეტი ექსტრასენსი იყო. სამწუხაროდ, ასეა ანტივაქსერებთან დაკავშირებით. როცა პაციენტები მოდიან და მძიმე მდგომარეობაში არიან, მაშინ ამბობენ – უიმე რატომ არ ავიცერიო, მაგრამ უკვე გვიანია,“- ამბობს გოლიაძე.
მისი თქმით, თუ დელტას დომინირების პირობებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5-6 ათასს აღწევდა, ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში ამ მაჩვენებელზე ვერ გავჩერდებით იმიტომ, რომ მისი გავრცელების სისწრაფე უფრო მეტი იქნება, იქნება უფრო მეტი პაციენტი, ეს კი ნიშნავს გაცილებით მეტ მძიმე პაციენტს და, შესაბამისად, ჰოსპიტალურ სექტორს მათი მართვა გაუჭირდება.
„ვარაუდობენ, რომ ეს ვირუსი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე დელტა იყო, მაგრამ ჯერ ამაზე კვლევა არ გვაქვს და სარწმუნო ინფორაციაც არ არსებობს. თუმცა რაც არ უნდა მსუბურად მიდიოდეს, როდესაც იქნება დაავადებულების დიდი რაოდენობა, დიდ რაოდენობაში ბევრი იქნება მძიმე პაციენტი. ამიტომ თუ მოსახლეობა მოიკრებს ჭკუა-გონებას, აიცრას და დაიცვას ყველა წესი, რაც მოწოდებულია კორონავირუსის წინააღმდეგ საბძოლველად, ერთობლივად შევძლებთ კორონავირუსის ინფექციის შემოტევის შეჩერებას,“- განაცხადა ლია გოლიაძემ.