აპრილის მეორე ნახევრიდან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა არის მოსალოდნელი – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.
მისი თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე აზიაში, აღმავალი მრუდებია.
„ჩვენ გვაქვს მოსვენებითი პერიოდი. ეს ტალღა დასრულებულია, თუმცა არის რამდენიმე ფაქტორი: ომიკრონის ახალი ქვევარიანტი, ასევე ვაქცინების და გადატანილი ინფექციით შექმნილი იმუნიტეტის მოსუსტება და შემზღუდავი ღონისძიებების სრული დერეგულაცია – რომლებიც დაახლოებით თვენახევარში-ორ თვეში ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ციფრების მატებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს არ გადაითარგმნება პაციენტების რაოდენობის კრიტიკულ ზრდაში, რაც ჰოსპიტალურ სექტორს გადატვირთავს და შეავსებს, მაგრამ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამიტომ განსაკუთრებით რისკის მქონე ადამიანებს მოვუწოდებთ მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ. ვინც საერთოდ არ ჩართულა ვაქცინაციაში, ამ ადამიანებს საერთოდ მოვუწოდებთ, ვაქცინა გაიკეთონ. ასევე მინდა რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს შევახსენო, რომ იგივე ტრანსპორტი იქნება თუ დახურული სივრცე, ვისარგებლოთ პირბადის სწორი გამოყენებით, რომ საზოგადოებაზე რაც შეიძლება მინიმალური გავლენით და მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ ციფრების შესაძლო მატება, რომელიც, როგორც ევროპული და აზიის ბევრი ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, ჩვენთანაც აუცილებლად იქნება აპრილის მეორე ნახევრიდან,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.