სასტუმრო სექტორის ნაწილი კოვიდ-სასტუმროების (იგივე კლინიკური სასტუმროს) სტატუსს უბრუნდება.
როგორც jandacva.ge-ს Ramada Encore by Wyndham Tbilisi-ში განუცხადეს, 152 ნომრიანი სასტუმროს 85% სრულად დატვირთულია.
„2020 წლის ნოემბრამდე ობიექტი საკარანტინე ზონად მუშაობდა, მას შემდეგ კი სასტუმრო კოვიდად გადაკეთდა. მთავრობისგან მივიღეთ შეთავაზება და დავთანხმდით,“-აცხადებენ კომპანიაში.
მანამდე jandacva.ge-ს სასტუმრო Tribu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი ჭიღლაძემ განუცხადა, რომ ადმინისტრაციამ არსებული რეალობის გათვალისწინებით, 72 ნომრიანი სასტუმროს კოვიდ სტატუსით მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ შარშან საკარანტინე ცენტრადაც ვიმუშავეთ, წელს კი როგორც კი სახელმწიფოსგან შეთავაზება მივიღეთ, დაუფიქრებლად მივიღეთ გადაწყვეტილება კოვიდ სასტუმროდ გვემუშავა,“-აცხადებს ჭიღლაძე.
კითხვაზე, კომერციულად მომგებიანია თუ არა სასტუმროსთვის კოვიდ სტატუსით მუშაობა, ჭიღლაძე აცხადებს, რომ პირველ რიგში, ქვეყნის სამსახურშია კომპანია და შემდეგ – ინარჩუნებს თანამშრომლებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.
„საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებიც დიღომში ერთერთ სპორტკომპლექსში საველე ჰოსპიტლის მოწყობას ასახავს.
ამ ეტაპზე კოვიდსასტუმროებში 6314 ადგილია, მათგან 3459 ადგილი დაკავებულია, 2855 კი თავისუფალი.