ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდ 19-ის მძიმე ფორმამ შესაძლოა გრძელვადიანი კოგნიტური დარღვევები გამოიწვიოს, იმის ანალოგიური, რა განსხვავებაცაა 70 წლის და 50 წლის ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებს შორის. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კვლევაში ჩართული იყო 46 პაციენტი, რომლებიც კოვიდის გამო ჰოსპიტალში 6-10 თვის წინ მოხვდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი სხვადასხვა კითხვაზე საკუთარ ასაკთან შედარებით ნაკლებად ზუსტ და უფრო დაგვიანებულ პასუხებს სცემდნენ. იმ პაციენტებში, რომლებსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდათ, კიდევ უფრო ცუდი შედეგები გამოვლინდა. მათი მონაცემები 20-წლიან ინტელექტუალურ დაბერებას შეესაბემებოდა.
გაუარესება IQ-ს 10 ქულის დაკლების ექვივალენტია – ამის შესახებ კვლევის ერთერთმა ავტორმა, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის აღდგენითი ნევროლოგიის პროფესორმა ადამ ჰემპშირმა განაცხადა. მისი თქმით, მისი გუნდი აკვირდებოდა კვლევაში ჩართული ადამიანების ძალიან ნელ გამოჯანმრთელებას, თუ საერთოდ ჯანმრთელდებოდნენ ისინი.
„ეს გავლენას მოახდენს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე, მუშაობის უნარსა და სიცოცხლის გაგრძელებაზე,“ – აღნიშნა მან.
კვლევითი ჯგუფის შეფასებით, მხოლოდ ინგლისში კოვიდ 19-ს გადარჩენილი 40 ათას ადამიანზე მეტს გამოუვლინდა კოგნიტური სირთულეები.