როგორც ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ განაცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მისი თქმით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შემთხვევა გუშინ მოხდა, გვიან ღამით ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, რომელიც 30 ივლისს შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით. ჰოსპიტალში შემოსვლისას უკვე სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული პრობლემები ჰქონდა. 1 აგვისტოს საკეისრო კვეთის ჩატარება დასჭირდა. მდგომარეობის დამძიმებამ სხვა ორგანოთა სისტემები მოიცვა და სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჯანმრთელობასთან მიმართებით რაიმე პრობლემა არ აღენიშნება, უკვე მის გაწერაზეა საუბარი“,- განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.
მსგავსი ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ საკითხის შესწავლაში ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რომელმაც უნდა დადოს დასკვნა, რატომ გვაქვს ლეტალობის გახშირებული მაჩვენებელი ორსულებში. ამასთან, ტიკარაძის თქმით, არის შემთხვევები, როცა ხდება დაგვიანებული სტაციონარიზაცია და მიმართვიანობა.
მან მოიყვანა მაგალითი, როდესაც ორსულის ინფიცირების შესახებ სამინისტროსთვის პაციენტის ფეისბუქ-პოსტიდან გახდა ცნობილი, და არც ოჯახის ექიმთან და არც 112-ზე მას დარეკილი არ ჰქონია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდ ინფექციით ორსულთა გარდაცვალების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა და ეს აცრაა. მისი ინფორმაციით, ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემიაა, 13 ორსულია გარდაცვლილი.