ის, რომ მთელი რიგი ქვეყნები კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის ერთი დოზა ვაქცინის გაკეთებას საკმარისად მიიჩნევენ, ემყარება იმ ფაქტორს, რომ, ერთის მხრივ ინფექციის გადატანის შემდეგ, ერთი აცრაც კარგ დაცვას იძლევა, მეორეს მხრივ კი ამ გზით ეს ქვეყნები ვაქცინების ეკონომიას აკეთებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოშიც მიდის მსჯელობა, შეიცვალოს თუ არა არსებული წესი და კოვიდგადატანილებისთვის დაშვებული იყოს არა ორი – როგორც ახლაა, არამედ ერთი დოზა ვაქცინის გაკეთება. თუმცა, ზახაშვილის თქმით, საქართველოს საკმარისი მარაგი აქვს იმისთვის, რომ კოვიდგადატანილებიც ორჯერადად აიცრან. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და უკვე ორჯერადად აიცრნენ, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ეს მხოლოდ სასარგებლოა მათი ჯანმრთელობისთვის და იმ მძლავრი იმუნიტეტისთვის, რომელიც მათ მეტ დაცვას მისცემს კოვიდის განმეორების შემთხვევაში.
„მათ ჯანმრთელობას ნამდვილად არ ექმნება საფრთხე,“ – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
რაც შეეხება ვაქცინაციის დაბალ ტემპებს, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ეს მოსახლეობის მოდუნებას უკავშირდება. მისი განცხადებით, როდესაც შემთხვევების რაოდენობა მატულობს და აღმავალ ტალღაზე ვიმყოფებით, ეს ყოველთვის ასოცირდება მობილიზაციასთან. ასეთ დროს აცრაზე ბევრი ადამიანი მიდის. ახლა კი დაღმავალი ტალღაა და ეს მოქალაქეებს მოდუნების ტალღაზე აყენებს. მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში ადამიანები ფიქრობენ, რომ დროებით კიდევ გადადონ ვაქცინაცია, დაელოდონ სხვა პერიოდს.
„ზედმეტმა მოდუნებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს და ამ პროცესის გადადება ქვეყნისთვის კარგი არ არის,“ – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
მისი თქმით, კოვიდ 19-მა აჩვენა, რომ ეს დაავადება დაკავშირებულია დიდ აფეთქებებთან, ბევრ ჰოსპიტალიზაციასა და ლეტალობასთან.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, დაავადება არსად არ გაქრება და პერიოდულად გამოიწვევს ავადობის მატებას, ამიტომ ის, თუ რამდენად დიდი მსხვერპლი ექნება ქვეყანას, სწორედ ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.