უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოც განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომა დატოვეს. მათ მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.
„რა მოხდა საბჭოზე არ მაქვს პასუხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება – ხოლმე,“- განაცხადა ღიბრაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიის წინაშე მხოლოდ გიორგი ღიბრაძე წარსდგა და “მწვანე პასპორტის” მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა. არანაირი გადაწყვეტილების შესახებ მას განცხადება არ გაუკეთებია.
2 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ექსპერტები მუშაობდნენ დასკვნაზე, რომელიც სწორედ დღევანდელ საბჭოზე უნდა წარედგინათ. მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდებოდა ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე, აღსრულების სხვა მექანიზმებს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის მოქმედების ვადაც შეცვლილიყო.
მინისტრის თქმით, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემაში რისკ-ფაქტორებს ხედავ და სწორედ ამ რისკ ფაქტორებზე საუბარის აპირებდნენ დღევანდელ საბჭოზე. მინისტრი იმედს გამოთქვამდა, რომ საბჭო ამ გადაწყვეტილებებს გაიზიარებდა.