ბავშვები, რომლებმაც კორონავირუსი პნევმონიით გადაიტანეს, დგანან რისკის ქვეშ, 20-30-40 წლის შემდეგ ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება (შემოკლებით ფქოდ) განუვითარდეთ. ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ფქოდ – ეს არის სასუნთქი გზების (ბრონქების), შეუქცევადი ან ნაწილობრივ შექცევადი ობსტრუქციის (სპაზმი. შევიწროება) შედეგად განვითარებული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია სასუნთქი სისტემის პასუხით, მასში მოხვედრილი ტოქსიური ნივთიერებების მიმართ. მიაჩნიათ, რომ ამ დაავადების ძირითადი გამომწვევი არის სიგარეტის ბოლში არსებული ტოქსიური ნივთიერებები.
აღნიშნული დაავადების რისკის გათვალისწინებით, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვები, რომლებმაც კოვიდ-პნევმონია გადაიტანეს, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.
„ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს და კარგი იქნება, თუ ისინი შვილებს 2-3 წელიწადში ერთხელ მიიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვის შეფასების მიზნით,“ – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, სხვა ტიპის პნევმონიებისგან განსხვავებით, კოვიდის დროს, პნევმონიის შემთხვევების ძირითად ნაწილში არის ორმხრივი პნევმონია, რაც დაავადების გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობას იწვევს, ვიდრე ერთ მხარეს განვითარებული ფილტვების ანთება. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ისეთი გართულება, რაც კოვიდს ახასიათებს, არცერთი სხვა პნევმონიისთვის არაა დამახასიათებელი. თუმცა ამბობს იმასაც, რომ, დელტა-შტამის პირობებში ბავშვების ინფიცირების შემთხვევების მატების მიუხედავად, კორონავირუსი ბავშვებში მაინც მსუბუქად მიმდინარეობს და ბავშვების 8%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ივანე ჩხაიძის განცხადებით, სულ ინფიცირებულია 90 ათასი ბავშვი და, წინა შტამებისგან განსხვავებით, ინფიცირების საერთო სტატისტიკაში მოზარდების წილი 10%-ის ნაცვლად 15% გახდა.