კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმები მოუწოდებენ.
მათ შორისაა ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, რომელიც სისხლძაღვთა სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებს მიმართავს და იმ საფრთხეებზე ესაუბრება, რომლებიც კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში ემუქრებათ.
მისი თქმით, კოვიდ 19 კომპლექსური დაავადებაა, რომელიც ბევრ ორგანოზე ახდენს გავლენას. უკვე დადასტურებულია, რომ ამ ვირუსს აქვს პროთრომბული მოქმედება – ის ზრდის სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკს. ამასთან, კოვიდი მოქმედებს მიოკარდიუმზე და მან შესაძლოა გამოიწვიოს არითმია, შედეგად კი მოხდეს კიკარდიოემბოლური თრომბის გადმოსროლა და ინსულტი.
„სისხლის შედედების თვისებების შეცვლა ამ ვირუსის ერთერთი დამახასიათებელი კარდინალური თვისებაა, რაც შეიძლება ინსულტის განვითარების მიზეზი გახდეს. ხშირად ინსულტი აღწერილია იმ ახალგაზრდებშიც, ვისაც თითქოს არ ჰქონდა სისხლძარღვოვანი რისკფაქტორები – არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოწევა და ა.შ. პირველი განგაშის ზარი იყო 2020 წლის გაზაფხული, როდესაც ნიუ-იორკში, ერთერთ მსხვილ ჰოსპიტალში ახალგაზრდა ასაკის რამდენიმე ადამიანი ძალიან მძიმე ინსულტით მიიყვანეს. ეს ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ რისკ-ფაქტორი. სწორედ მაშინ დაიწყო ფიქრი სამედიცინო საზოგადოებამ კავშირზე კოვიდ 19-სა და ინსულტს შორის. რასაკვირველია, კოვიდ 19 ზრდის ინსულტის რისკს და ეს ბევრი ეპიდემიოლოგიური თუ კლინიკური კვლევით დადასტურდა,“ – განაცხადა ცისკარიძემ.
რაც შეეხება ამ საფრთხეებისგან დაცვას, მისი თქმით, ეს ვაქცინაციაა. მედიკოსი ამბობს, რომ მწვავე დაავადებების დროს შესაძლოა, ვაქცინაცია არ იყოს მიზანშეწონილი, თუმცა თუ ვსაუბრობთ ქრონიკულ სისხლძარღვოვან დაავადებებზე და მათ შორის გადატანილ ინსულტზე, ვაქცინაციას ამ კუთხით უდიდესი როლი აქვს კოვიდის თავიდან აცილების კუთხით. ხოლო თუ აცრილი ადამიანი დაინფიცირდება, მნიშვნელოვნად მცირდება მძიმე ფორმების განვითარების რისკი.
„სწორედ ქრონიკულ სისხლძარღვოვან პაციენტებშია მნიშვნელოვანი ეს პრევენციული ღონისძიება. ინსულტგადატანილ ან მაღალი რისკის პაციენტებში კოვიდს შეიძლება ძალიან მძიმე გართულებები მოჰყვეს და ამის პრევენცია ვაქცინაციაა. გადატანილი ინსულტი არის არა უკუჩვენება ვაქცინაციისთვის, არამედ პირიქით – ასეთი პაციენტები აქტიურად უნდა იყვნენ გამოვლენილნი და აცრილნი, რათა გართლებები არ განუვითარდეთ,“ – განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.
რაც შეეხება ვაქცინაციის რისკებს, ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, არ არის დადასტურებული კავშირი ინსულტსა და აცრას შორის. მისივე განმარტებით, იყო ე.წ. ვირუსული ვექტორის ვაქცინის შემდეგ განვითარებული ვენური თრომბოზების ათეულობით შემთხვევა, განსაკუთრებით ცერებრული, მაგრამ ეს იყო სპეციფიკური პოპულაცია, რომლებსაც სისხლში სხვა ცვლილებებიც ჰქონდათ. მაგრამ, მედიკოსის თქმით, გადამწყვეტია მონაცემები იმის შესახებ, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევაში რამდენიმე ათეულჯერ და ასეულჯერ უფრო მეტია იგივე ვენური თრომბოზების განვითარების რისკი, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ.
ამიტომ, რისკების თანაფარდობის გათვალისწინებით, როგოც ალექსანდრე ცისკარიძე ამბობს, აუცილებლად უნდა გადავიხაროთ ვაქცინაციისკენ.