ყველა სცენარით ვხედავთ, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამომწვევი დაავადებიდან გადადის ენდემურ დაავადებაში, რას ნიშნავს, რომ Sars-Cov-2, რომელიც ამ დაავადების გამომწვევია, გახდება იმ 4 კორონავირუსის მსგავსი, რომლებიც ათწლულებია ცირკულირებენ მსოფლიოში და იწვევენ ე.წ გაციებას, რომელსაც პანდემიამდე ყურადღებას არც კი ვაქცევდით და არ ვიცოდით, რომ ამის გამომწვევი მიზეზი კორონავირუსია.
აკაკი ზოიძის თქმით, ასევე შეიარაღებაში იქნება წამალი, რაც თავიდან აგვაცილებს ჰორპიტალიზაციას, რეანიმაციას და ფატალურ დასასრულს.
„ვაქცინებისა და წამლების კომბინაციით საშუალება გვექნება გავუმკლავდეთ ამ ვირუსს, რომელიც გახდება ისეთივე პრობლემა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, როგორიც სეზონური გრიპია იმ ადამინებისთვის, ვისაც შესუსტებული იმუნიტეტი აქვს, ასევე ახალშობილების, ორსულებისა და ხანდაზმულებისთვის. ახალი წლის წინ მინდა მტკიცედ მჯეროდეს, რომ სწორედ ასეთი სცენარი იქნება და ამას არა მხოლოდ მე, ბევრი სპეციალისტი ვარადუდობს. „ფაიზერი“ ამას 2024 წლისთვის ელოდება, მე კი მგონია, რომ ეს უფრო ადრე, მომავალი ზაფხულისთვის მოხდება. თუმცა რაც უნდა ადრე მოხდეს ეს, უნდა შევძლოთ და გადავიტანოთ ძალიან მძიმე ზამთარი, რომელიც წინ გველოდება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან მცირე რაოდენობაა აცრილი. ესაა ყველაზე შემაშფოთებელი უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი განცხადებით, თუ მკვეთრად არ გაიზრდება ვაქცინაციის ტემპი და ბუსტერს არ გაიკეთბენ 60 წელს გადაცილებული ადამიანები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონეები, ზამთარი რთული იქნება.
„არ მინდა ეს ზამთარი დასრულდეს იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც შარშან ზამთარში და წელს გვქონდა. რამდენიმე თვეა გვაქვს გამოცხადებული თვითმკვლელობის ქრონიკა, რადგან გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. მათი დაღუპვა ანონიმურ ტრაგედიებად იქცა, საზოგადოება მიეჩვია, რომ ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც კიდევ ბევრი წელი იცხოვრებდნენ ჯანმრთელად. ეს არის ყველაზე სამწუხარო ფაქტი, რომელთანაც საზოგადოება რატომღაც შეგუებულია. ომიკრონის შემთვევაშიც გამოსავალია აცრა, რადგან არის მონაცემები, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, ეფექტური რჩება გართულების და ფატალური დასასრულის ასაცილებლად,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი განცხადებით, თუ დელტა ვარიანტი გადამდებლობით გაუტოლდა ჩუტყვავილას, უკვე არის მონაცემები, რომ ომიკრონი იქნება დაახლოებით ისეთივე ინფექციური და გადამდები, როგორც წითელაა.
„ყველას გაგვიგია, რომ თუ ერთ სართულზე ვინმეს წითელა აქვს, მაღალი ალბათობით მთელ სართულს გადაედება, თუ აცრილები არ არიან. ესაა ყველაზე გადამდები დაავადება, რომელიც დედამიწაზე არსებობს,“ – აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ადამიანებმა აცრაზე უარი მედიკამენტების იმედით არ უნდა თქვან, რადგან წამლები, მათ შორის „ფაიზერის“ აბები, რომლებსაც მსოფლიო კოვიდინფექციის სამკურნალოდ დაამტკიცებს, არ იქნება იმდენად ხელმისაწვდომი, რომ ვინც არ აიცრება, მათ ამ ტაბლეტით ვუშველოთ.