საქართველოში კოვიდინფექციის რეპროდუქციის ინდექსი RT 1-ის ტოლია, რაც წინა დღეებთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.
Rt-ს გვიჩვენებს, საშუალოდ რამდენი ადამიანი ინფიცირდება ერთი ინფიცირებულისგან დროის რეალურ მონაკვეთში. Rt-ზე გავლენას ახდენს პრევენციული ღონისძიებები – ჰიგიენიდან დაწყებული საკარანტინო ზომებით დამთავრებული, რომლებიც ამცირებს ამ მაჩვენებელს, თუმცა მათი მოხსნის შემდეგ, შესაძლოა, ის კვლავ გაიზარდოს. რაც უფრო იმუნურია საზოგადოება, ვაქცინით, ან გადატანილი ინფექციით, მით უფრო იკლებს Rt. შედარებისთვის: 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში, როცა ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაცია იყო, ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი 1,45-ს შეადგენდა,
სწორედ ამ მაჩვენებელზე გაამახვილა დღეს ყურადღება ჯანდაცვის მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ინდექსი იყო მნიშვნელოვანი, რის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტრომ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ ეტაპისთვის კი, მისი განცხადებით, აღნიშნული ნიშნული გაჩერებულია ანუ მისი კლება არ შეიმჩნევა.
„ამ ეტაპისთვის არის გაჩერებული ანუ მისი კლება დამატებით არ შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და სოლიდარობა იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული, არის ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ამ ნიშნულზე არ მოხდეს ინფექციის კლების შეჩერება, გაგრძელდეს და არ მოხდეს ინფექციის ზრდის პროვოცირება,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის აბსოლუტურ რიცხვებში ინფიცირების კლება აღინიშნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად იყოს გაკონტროლებული ყველა იმ რეგულაციის აღსრულება, რომელიც არის მოწოდებული. კერძოდ, საუბარია სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვაზე.
მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთა გადანაწილება არსებული რეგულირების პროპორციული იყოს, რათა ისევ არ მოხდეს ინფექციის გავრცელების პროვოცირება.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე კი აცხადებს, რომ 7-10 დღის განმავლობაში გარდაცვალების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ისევ მაღალი იქნება. ოქტომბერი კი, მისი პროგნოზით, გამორჩეული იქნება ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკის მიხედვით, რომლებიც დაიკლებს და დაბალი უნდა იყოს. ასეთი ვარაუდის ერთერთ არგუმენტად ჩხაიძეს ვაქცინაციის მაჩვენებელი მოჰყავს, რომელიც, მისი თქმით, მაღალი ტემპებით მიმდინარეობს და ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ – როგოც ჩხაიძე ამბობს, დღეში 30 ათასზე ნაკლები ვაქცინირებული იქნება იმის მაჩვენებელი, რომ წლის ბოლომდე ქვეყანა ვერ მოახერხებს პანდემიის კონტროლს.