კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას , სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თენგიზ გენძეხაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს. არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კი კლინიკას, სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.
როგორც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე. „ის შემთხვევები რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“-აცხადებს გენძეხაძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით კი, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
მისივე განმარტებით, სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ომიკრონის მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა. მისივე თქმით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე. „ ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია,“ -განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია.