მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკებში მყოფი კოვიდპაციენტების ნახევარს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება – რატომ ხარჯავს სახელმწიფო ზედმეტ რესურსს?

კლინიკებში მყოფი კოვიდპაციენტების ნახევარს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება – რატომ ხარჯავს სახელმწიფო ზედმეტ რესურსს?

რატომ არის კოვიფინფიცირებულებს შორის ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი? ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამ საკითხზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მსჯელობს და აღნიშნავს, რომ აქტიური შემთხვევების 1/3 კვლავ ჰოსპიტალიზებულია (2700-მდე ჰოსპიტალიზებული 8990 აქტიურ შემთხვევაზე). მისი თმით, არავითარი განმარტება არ ისმის შემდეგ საკითხებზე: რატომ არის ასეთი მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი? რატომ სჭირდება ამდენ ადამიანს სტაციონარი? რატომ იხარჯება ამდენი რესურსი?

„რა უკეთდება სტაციონარში მყოფ პაციენტებს? თუ კოვიდინფიცირებულების 1/3-ს მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, ეს, ცხადია, არასწორია, რადგან მედიკამენტური ჩარევა ფაქტიურად მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს სჭირდებათ, ხოლო 1/3 ვერაფრით ვერ იქნება ჟანგბადდამოკიდებული. თუ არაფერი უტარდებათ, მაშინ რატომ არიან სტაციონარში?

თუმცა სტაციონარში მყოფ ან გამოწერილ უამრავ პაციენტთან მაქვს კონტაქტი და ფაქტიურად ყველას აქვს რაღაც დანიშნულება. სტანდარტულად, დანიშნული აქვთ ანტიბიოტიკი, ანტიკოაგულანტი და ჰორმონი (აღარაფერს ვამბობ სხვა, რაღაც „დამატებით“ წამლებზე). ასევე რაღაც გაუგებარი „გადასხმები“, რომელთა მიზანი საერთოდ გაურკვეველია ხოლმე. ბევრ მათგანს ამ მედიკამენტების არავითარი საჭიროება არ აღენიშნება. ბევრს გამოწერის შემდეგაც უგრძელდება თერაპია, განსაკუთრებით ხშირია ანტიკოაგულანტების ბინაზე მიღება.

ეს ქმნის ილუზიას, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტს აუცილებლად რაღაც წამალი სჭირდება და ბინაზე დარჩენილებიც ხშირად სრულიად არასაჭირო მკურნალობას იღებენ, რადგან გაგონილი აქვთ, რომ ვიღაცას ეს წამლები ქონდა დანიშნული, თუმცა მასაც მსუბუქად მიმდინარე დაავადება ჰქონდა.

ოდესმე თუ ვნახავთ დეტალურ ანალიზს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე, მათ შორის მკურნალობის მეთოდების პროცენტულ გადანაწილებას, ამ მკურნალობის შედეგს/გამოსავალს, დარწმუნებული ვარ, რომ ზემოაღნიშნულის სისწორეში დავრწმუნდებით.

ასევე ძალიან საინტერესოა მართვით სუნთქვაზე გადაყვანის და ამ პაციენტების გამოსავლის სტატისტიკა.

ადრეც, როცა ამ თემაზე ყურადღებას ვამახვილებდი, მთავარი საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ ზედმეტი ჰოსპიტალიზაციით არაფერი დაშავდება და ამით მეტ ადამიანს გადავარჩენთ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჰოსპიტალში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ არ არის უკეთესი გამოსავლის გარანტია და ეს სიკვდილობის მაჩვენებელსაც ეტყობა, ისევ განუხრელად იზრდება.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საავადმყოფოსშიდა, ე.წ. „ჰოსპიტალური ინფექციების“ რისკი და ასევე უამრავი, არამიზნობრივი ფინანსური ხარჯი, რომელიც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ,“ – აცხადებს ბუწაშვილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ მომენტში 9,456 კოვიდინფიცირებულია. მათი 29% კლინიკებში მკურნალობს, სასტუმროში კი 6,6% იმყოფება. დანარჩენ პაციენტებს ოჯახის ექიმები, ბინაზე მართავენ.

გასული წლის ნოემბერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო მაჩვენებლით, ადეკვატური მენეჯმენტის პირობებში, სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროება კოვიდის აქტიური შემთხვევების 10-15, მაქსიმუმ 20%-ს. „ჩვენთან ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, დიდია სხვადასხვა ფაქტორის გამო. აქ მუშაობს ქართული ფენომენიც, რომელსაც არ დავაკონკრეტებ, შიში და ა.შ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …