ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლაში ხელს შეუწყობს იმ კლინიკებს, ვინც პროცესი ადრე დაიწყო და ამ კუთხით დაინტერესებას გამოხატავს. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„2023 წლის ბოლოს ჩატარდება პირველი შეფასება, ვინ დაიწყო ეს პროცესი. პროცესს სჭირდება დაახლოებით 18-24 თვე იმისთვის, რომ წარმატებით დასრულდეს. სამინისტრო ეტაპობრივად გაყვება ამ პროცესს და ხელს შეუწყობს იმ კლინიკებს, ვინც ეს პროცესი ადრე დაიწყო და დაინტერესებული და მონდომებულია იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ აკრედიტაციის პირობები. შემდგომ აკრედიტორი თავად სვამს გაუმჯობესებისთვის საჭირო ვადებსაც და პირობებსაც,“ – განმარტა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებენ სამედიცინო დაწესებულებები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას.
ამასთან, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, 2023 წლის ბოლოს თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ და ჯანდაცვის სამინისტროში სულ მცირე, კონტრაქტი წარადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა, როგორც მინისტრმა აზარაშვილმა ერთერთ განცხადებაში განმარტა, „შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ.“
რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. რამდენიმე კლინიკას, საკუთარი ინიციატივით, უკვე გავლილი აქვს ეს აკრედიტაცია.
გაბუნიას თქმით, აკრედიტაციის ვადები აღარ გადაიწევს.