შემოწმებული 127 კოვიდ-კლინიკიდან მედპერსონალისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კოვიდ-დანამატების გადახდა 2 კლინიკას ამ დრომდე არ დაუწყია და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ამ მოთხოვნას ასაჩივრებენ. სტატისტიკას სამინისტროზე დაყრდნობით საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
მაუწყებლის მონაცემებით, ფინანსური დარღვევები თავდაპირველად 90 კლინიკაში გამოიკვეთა, განმეორებითი მონიტორინგის დროს კი პრობლემა აღმოფხვრილი არ ჰქონდა 14-ს, რის გამოც ისინი შრომის ინსპექციამ დააჯარიმა. ამ ეტაპზე კი, ინსპექციის მონაცემებით, კლინიკების ნაწილმა ხარვეზი გამოასწორა, თუმცა 2 სამედიცინო დაწესებულება ფინანსურ გადაცდომებს დღემდე არ აღაირებს და საკითხს სასამართლოში ასაჩივრებს. ესენია “მედ ჯორჯია” , რომელსაც ჯამში 15 ათასი ლარის გადახდა ევალება და „ჯეო-ჰოსპიტალსის” მარნეულის ფილიალი, რომელსაც დავალიანების სახით 260 ათას ლარამდე უფიქსირდება. კლინიკებში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის: საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო მედპერსონალისთვის კოვიდპაციენტების მოვლის მიზნით რიცხავდა.
დაკისრებული ჯარიმა და მედპერსონალისთვის გადასახდელი თანხა ნაწილობრივ დაფარეს შემდეგმა სამედიცინო დაწესებულებებმა: ალადაშვილის სახელობის კლინიკა, ქარელის „ალიანს მედი“, „ვიტამედი“, „მედალფას“ 4 ფილიალი, „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ და „ოპტიმალ მედი“. ამ კლინიკებიდან ყველაზე დიდი თანხა – 250 000 ლარზე მეტი „ოპტიმალ მედს“ და „მედ ალფას“ დაეკისრათ. პერსონალისთვის კოვიდ-დანამატები სრულად გასტუმრებული აქვთ შემდეგ კლინიკებს: „ტუბერკულოზის ცენტრი”, „ნიუ ვიჟენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ და „პინეო“.
მედპერსონალისთვის კოვიდდანამატების გადაუხდელობის შესახებ რამდენიმე თვის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ.
„ასზე მეტი კოვიდკლინიკა იყო ქვეყანაში და ყველა ამ კლინიკაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ხელფასების გარდა, რომლებსაც კლინიკები უხდიდნენ, დანამატს უხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რამდენიმე თვის წინ, როდესაც პირველად დავიწყეთ მოკვლევა, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო ისეთი კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალს არ აუღია დანამატები, რომლებიც სახელმწიფომ გასცა. შრომის ინსპექციის აქტიური ჩართულობით, ეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე, ვთხოვ და მოვუწოდებ სამედიცინო პერსონალს, თუ სადმე რამე მსგავსი ფაქტია და ჩვენი შემოწმების მიღმა დარჩა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოგვმართონ და ძალიან ოპერატიული, მკაცრი რეაგირება გვექნება.
სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკის შემთხვევაში არის ისეთი ფაქტი, რომ სასამართლოში აპროტესტებენ დანამატების თავიანთი პერსონალისთვის არგადახდას. ჩემი აზრით, ბუნდოვანი, გაურკვეველი და არასერიოზულია, როცა კონკრეტულად, მიზნობრივად ირიცხებოდა თანხები პერსონალისთვის მისაცემად და ახლა სამინისტროს უჩივიან, რომ თურმე თანხები სხვა რაღაცისთვის გამოიყენეს და არ ეყოთ, პერსონალისთვის მიეცათ. არ ვიცი, სახელმწიფო, სამინისტრო რა შუაშია. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა არგუმენტაციას წარუდგენენ სასამართლოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.