სელექტიური კონტრაქტირება შესაძლოა, უკვე წელს ამოქმედდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომელსაც სხვადასხვა საკითხზე ჯანდაცვის სანინისტროსთან კომუნიკაცია აქვს.
როგორც ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა, სამინისტროში აღნიშნული ცვლილების ამოქმედებას უკვე მიმდინარე წლიდან ვარაუდობენ.
სელექტიური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიაროებს შეეხო. მისი პრინციპი ასეთია: სელექტიური კონტრაქტირება ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკის ჩართვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლინიკაში წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე (სერვისების სირთულის მიხედვით). პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდა, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექტიური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმებოდა, თუმცა ამ დრომდე ეს პრინციპი დამატებით მხოლოდ პირველად სამედიცინო დაწესებულებებს შეეხო.
სელექტიური კონტრაქტირების პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ერთერთ ბოლო კომენტარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ
ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება საწოლფონდის საჭირო მოცულობა, ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები.
გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება კლინიკების მონაწილეობა სამედიცინო საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებში, კერძოდ, COVID- 19-ის შემთხვევების მართვა და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების პროცესი.
სელეტრიური კონტრაქტირების აუცილებლობას ჯანდაცვის ექსპერტი თენგიზ ვერულავა ასე განმარტავს:
„პრობლემაა არა იმდენად თავად საავადმყოფოების რაოდენობის ზრდა, არამედ ის გარემოება, რომ ამ ახლად შექმნილი კლინიკების უმრავლესობის დაფინანსების უმთავრესი წყაროა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ეს საავადმყოფოები თითქოს მხოლოდ იმიტომ შეიქმნენ, რომ სახელმწიფოს ისედაც მწირი რესურსების ხარჯზე ეარსებათ, რაც სამართლიან ეჭვს იწვევს. სწორედ ასეთი „ახალგამომცხვარი“ წვრილი კლინიკების ზრდა და მათი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში განაპირობებს სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი ისედაც მწირი თანხების არაეფექტიან ხარჯვას, ზოგადად ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების ზრდას და პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის ათეულმილიონიან დეფიციტს. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისათვის, მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა შერჩევითი, ანუ სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმების დანერგვა, როგორც ხარჯთეფექტიანი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების ერთ-ერთი მექანიზმი. სელექტიური კონტრაქტირება არ ნიშნავს საავადმყოფოების დახურვას, არამედ საავადმყოფოების შერჩევას წინასწარ განსაზღვრული ხარისხის სტანდარტებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა სამედიცინო ორგანიზაციების რაოდენობა. კერძოდ, 2014-2020 წლებში სტაციონარული დაწესებულებების რაოდენობა 221-დან 264 -მდე, ანუ თითქმის 1.2-ჯერ გაიზარდა. ასევე, გაიზარდა სტაციონარული დაწესებულებების 100 000 მოსახლეზე უზრუნველყოფის მაჩვენებელი – 4.9-დან 7.1-მდე; ხოლო საწოლთა რაოდენობა 18580-მდე, ანუ 1.5-ჯერ. ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საწოლების რაოდენობა მოსახლეობასთან მიმართებაში მაღალია.“