რეანიმაციის სტანდარტის შექმნა და დრჯ სისტემის დანერგვა ინდექსაციის პროცესს კვლავ დროში გაწელავს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს სამედიცინო პროცესის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ზრდა, საავადმყოფოების გამოსვლა საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან, რაც საბოლოოდ პაციენტს დააზარალებს, ვინაიდან გაიზრდება ჯიბიდან გადახდის წილი. ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის მორიგ განცხადებაშია აღნიშნული.
ასოციაციაში შემავალი 100-ზე მეტი კლინიკის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს დადგენილი სამედიცინო მომსახურების ტარიფები არ შეცვლილა. კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული შეთანხმებით კი, კლინიკებს ცალმხრივად მომსახურების ტარიფის შეცვლის უფლება არ აქვთ. ფასების ზრდისა და კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე მუშაობის პირობებში კი, ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებით, პაციენტები ზარალდებიან, რადგან შექმნილი ვითარება მომსახურების ხარისხზე აისახება.
„ჩვენი ჯანდაცვა დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციაზე დგას. უცხოეთიდან შემოდის წამლები, გადასასხმელი ხსნარები, ქირურგიული ინვენტარი, ერთჯერადი მასალა და სადიაგნოსტიკო აპარატურა, მათ შორის, საოპერაციო მაგიდებიც და პალატაში რომ დგას, ის საწოლიც და ტუმბოც. ბრმანაწლავის ოპერაციის ხარჯის დაახლოებით 45% უცხოურ ვალუტაზე ნაყიდი პროდუქციაა. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა 2013-2020 წლებში თითქმის 100%-ით გაუფასურდა, გამოდის, რომ 2000-ლარიანი ოპერაციის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებული ხარჯი 2013 წელს იყო 900 ლარი, მაშინ, როცა 2020 წელს იგივე მასალის შესყიდვას 1800 ლარი სჭირდება“, – აღნიშნავს ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი, რომელსაც რადიო „თავისუფლება“ ციტირებს.
განცხადების თანახმად, პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, გავლენას ახდენს მედპერსონალის ანაზღაურებაც, რომელიც, „უცვლელი რჩება ინფლაციის და გაზრდილი ხარჯების ფონზე. ეს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს, შესაბამისად, პაციენტს, დემოტივირებული პერსონალი ხვდება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ექთნების და სანიტრების შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც ისედაც მცირეა.
ამასთან, კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასის გათვალისწინებით, არჩევანის გაკეთება უწევთ შედარებით იაფფასიან სახარჯ მასალებზე.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, მაია მახარაშვილის თქმით, სამედიცინო დაწესებულებისთვის მოგების გენერირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საჭიროა მუდმივი რეინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში.
„იმისთვის, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებს, რაც, მაღალკვალიფიციურ პერსონალთან კომბინაციაში, მაღალ სამედიცინო ხარისხს და საუკეთესო სამედიცინო გამოსავალს გულისხმობს“, – ამბობს მაია მახარაშვილი.
ტარიფების ინდექსაციის მოთხოვნით, 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის ასოციაციის სახელით:
„ცხრა თვეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ტარიფების ინდექსაციის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. შევიმუშავეთ კონკრეტული მეთოდოლოგია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ტარიფის დათვლა. ათობით სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მუშაობის პროცესში შეიცვალა სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელთანაც ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები აღიარებენ ტარიფების გადახედვის საჭიროებას, კონკრეტული ნაბიჯები ან ცვლილება დღემდე არ განხორციელებულა. სამინისტროსგან ჩვენ ველით კონკრეტულ პასუხს, თუ რა პროცენტით მოხდება რეანიმაციული და კარდიოლოგიური სერვისების ინდექსაცია. თუმცა, ახლა დაიწყო საუბარი რეანიმაციის სტანდარტის შექმნაზე და დრჯ (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვაზე, რომელიც ინდექსაციის პროცესს კვლავ დროში გაწელავს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს სამედიცინო პროცესის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ზრდა, საავადმყოფოების გამოსვლა საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან, რაც საბოლოოდ პაციენტს დააზარალებს, ვინაიდან გაიზრდება ჯიბიდან გადახდის წილი“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში.
ასოციაციაში ფიქრობენ, რომ სამინისტროსგან ახალ ტარიფებთან დაკავშირებით პასუხს ივლისში მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებისთვის რეანიმაციული სტანდარტი ივლისის თვეში მომზადდება, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც რეანიმაციული სერვისებზე ტარიფების ინდექსაცია მოხდება.