იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, უფლება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, გეგმიური მომსახურება არსებული ბენეფიციარებისთვის სხვა ფილიალების ან საკუთარი კომპანიების მეშვეობით გააგრძელოს ისე, რომ ბენეფიციარებს ხელახალი რეგისტრაციის გავლა არ მოუხდეთ.
აღნიშნულს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.
დადგენილებას ემატება პუნქტი, რომლის თანახმად: „სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ, დადგენილი წესით, ადგილი აქვს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ფილიალის/შვილობილის მობილიზაციას ვაქცინაციის მიზნებისათვის, ასეთი დაწესებულება უფლებამოსილია, სერვისის უწყვეტობის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მობილიზებული ერთეულის მიხედვით უკვე აღრიცხული მოსარგებლეების გეგმური ამბულატორიული მომსახურება გააგრძელოს სხვა ფილიალის/შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ამ მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმახორციელებელს.“
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, კოვიდსაწოლების მობილიზების გამო, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია. რაც შეეხება გეგმიურ სერვისებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც jandacva.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სკრინინგ და სხვა სახის სერვისები არ შეჩერებულა.
„მედკაპიტალში,“ რომელიც იმუნიზაციის პროცესშია ჩართული, აცხადებენ, რომ მათ პოლიკლინიკებში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს და ასევე გრძელდება გეგმიური ამბულატორიული მომსახურებების გაწევა. მათი განცხადებით, გეგმიურ მომსახურებებზე მიმართვიანობა არ შემცირებულა, რადგან მოსახლეობა უკვე შეეჩვია კოვიდთან თანაცხოვრებას, დაძლია შიში და სურს, გეგმიური სერვისები შეუფერხებლად მიიღოს.