საქართველოში ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურაა, რაც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე იქმნება. ეს კი მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი (1993-2001 წლებში) ავთანდილ ჯორბენაძე ჟრნალ „ფორბსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში |ქართული მედიცინის ისტორიული გზა“ წერს.
„2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – საგრძნობლად გაზარდა ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსების მოცულობა, გააუქმა სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების მართვაში და ახლად შექმნილი „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ განხორციელება დააკისრა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობა.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად საავადმყოფოების ოპტიმიზაციის პროცესის შეფერხებაა. ბოლო წლებში სამედიცინო ბაზარზე მომრავლებული საავადმყოფოები, რომელთა უმრავლესობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, თითქოს მხოლოდ იმიტომ შეიქმნენ, რომ სახელმწიფოს ისედაც მწირი რესურსების ხარჯზე ეარსებათ. სწორედ ასეთი „ახალგამომცხვარი“ წვრილი საავადმყოფოების ზრდა და მათი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში განაპირობებს ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების ზრდას და პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტის ყოველწლიურ ათეულმილიონიან დეფიციტს.
სტატისტიკური ინფორმაციით, 2011-წლიდან 2018 წლის ჩათვლით საავადმყოფოების რაოდენობა 229-დან 272-მდე გაიზარდა. დღეისათვის საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე 79 საავადმყოფოა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინების გარეშე იქმნება. საწოლთა ფონდის დატვირთვა მხოლოდ 47%-ია, მაშინ, როდესაც რენტაბელობის უზრუნველსაყოფად ეს მაჩვენებელი, მინიმუმ, 80% უნდა იყოს. საწოლთა არასათანადო დატვირთვა ზრდის მომსახურების ხარჯს და ამცირებს ხარისხს, რადგან პატარა კლინიკების განვითარებისა და მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობაში ინვესტიციების შესაძლებლობა დაბალია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საავადმყოფოების სიჭარბე ზრდის ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მომსახურების ფასის ხელოვნურ გაზრდას.
ხარისხიანი და ხარჯთეფექტური სერვისის მიღების ერთ-ერთი მექანიზმია ქვეყანაში აქტიური შესყიდვისა და სამედიცინო დაწესებულებების სელექციური, ანუ შერჩევითი კონტრაქტირების მექანიზმების დანერგვა. იგი გულისხმობს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამის განსახორციელებლად იმ სამედიცინო დაწესებულებების კონტრაქტირებას, რომლებიც ფუნქციონირებენ განსაზღვრული სტანდარტებით. საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების სელექციური კონტრაქტირება სამშობიარო სახლებიდან დაიწყო. აუცილებელია სელექციური კონტრაქტირების დანერგვა სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც,“- წერს ჯორბენაძე.