სამედიცინო სერვისების საბაზისო ღირებულებას, რომელიც დიარჯის ფასის დაანგარიშების საფუძველია, ინფლაციის ინდექსის მაჩვენებელიც დაემატება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ, კლინკების დაფინანსების ახალი, DRG-მოდელის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.
აღნიშნული ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა და მას ჯანდაცვის საყოველთაო სისტემაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელები, ექიმები და სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დღეს საბაზისო ტარიფი არ არსებობს. ესაა ახალი მოდელი, რომელიც დიარჯისთან ერთად ინერგება. ესაა დიარჯის ფასის გამოთვლის ერთერთი საფუძველი,“- განმარტა ადამიამ.
ადამიას განმარტებით, დღემდე პაციენტებს უწევდათ დამატებითი ხარჯების გაწევა და შეიძლება ეს თანხა გაზრდილიყო ექიმის ჰონორარის ხარჯზე. „დიარჯი“ მექანიზმით დაფინანსება კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტული თანხა კონკრეტული სერვისისთვის ყველა დაწესებულებაში იყოს ერთი და თანაბარ პირობებში ჩადგეს როგორც პაციენტი, ისე კლინიკა.
ეკა ადამიას შეფასებით, ახალი მეთოდით ძალიან ადეკვატური საბაზისო ტარიფია გამოყვანილი.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა. მისი თქმით, როგორც სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს აუხსნეს, ესაა ბევრად უკეთესი სისტემა როგორც კლინიკების, ისე პაციენტებისთვის.
ამასთან, მისი თქმით, ახალი მოდელის შედეგად უნდა გამოსწორდეს ის ვითარება, როდესაც, მაგალითად, კონკრეტულ კლინიკას 2012 წლიდან რომელიმე ნოზოლოგია გაწერილი აქვს 1000 ლარად, სხვა კლინიკას კი, რომელიც 2020-ში გაიხსნა, იგივე სამედიცინო სერვისი შეფასებული აქვს 2000 ლარად.
DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.
აღნიშნული სისტემის ამოქმედება 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
jandacva.ge