მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკების აკრედიტაციის საერთაშორისო კომპანია Temos-ი, შესაძლოა, ქართულ ბაზარზე შემოვიდეს

კლინიკების აკრედიტაციის საერთაშორისო კომპანია Temos-ი, შესაძლოა, ქართულ ბაზარზე შემოვიდეს

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან.

ერთერთი საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია, რომელთანაც ქართული სამედიცინო სექტორი თანამშრომლობას იწყებს, გერმანული Temos international-ია. მისი წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის ასოციაციის წევრების შეხვედრა 11 მაისსაა დაგეგმილი.

ჯანდაცვის სფეროში აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Temos international-ი 2010 წელს დაარსდა. Temos-ი კლინიკებს ეფექტიანობის უმაღლესი დონის მიღებაში ეხმარება.

როგორც ორგანიზაციის საიტზე ვკითხულობთ, Temos-ის მიზანია, წაახალისოს ინოვაციები და თავი აარიდოს უნივერსალურ მიდგომებს აკრედიტაციისადმი, რაც სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა კულტურაში, მიმწოდებლებისა და პაციენტების თავისებურებების გათვალისწინებით, არ მუშაობს.

Temos-ის განაცხადის თანახმად, ის ზრდის კლინიკურ სტანდარტებს, აუმჯობესებს კლინიკურ და არაკლინიკურ შედეგებს, პაციენტების უსაფრთხოებას, ასევე ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს, შეამცირონ ხარჯები საუკეთესო შედეგის მიღწევისთვის.

მისი აკრედიტაციის მიზანია სამედიცინო და არასამედიცინო სერვისების ნეიტრალური შეფასება და დადასტურება, სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის პოტენციალის გამოვლენა, პაციენტების უწყვეტი მოვლის უზრუნველყოფა. Temos International-ს გააჩნია რეგიონული ოფისები მთელ მსოფლიოში, რაც მას საშუალებას აძლევს, მოემსახუროს ექიმებსა და პაციენტებს 6 კონტინენტზე.

Temos-ი ქმნის ინდივიდუალურ სააკრედიტაციო პროგრამებს კონკრეტული სტანდარტებით კლინიკებისა და ამბულატორიული მოვლის დაწესებულებებისთვის, ასევე ოფთალმოლოგიის, სტომატოლოგიის, რეპროდუქციული მედიცინისა და სარეაბილიტაციო სერვისების მიმწოდებლებისთვის.

ამასთან, მას პრიორიტეტად გამოცხადებული აქვს გარემოზე ზრუნვა და მის სტანდარტებში ცალკეა გამოყოფილი „სამედიცინო დაწესებულებების მდგრადი განვითარება“, რომელიც გაეროს მიერ 2030 წლამდე გაწერილ, მდგრადი განვითარების მიზნებს ეფუძნება.

Temos-ი მსოფლიოში ერთერთ პრესტიჟულ და ავტორიტეტულ სააკრედიტაციო ორგანიზაციად მიიჩნევა.

​შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება. როგორც ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, სამედიცინო დაწესებულებებს აკრედიტაციის მიღების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ და სააკრედიტაციო ორგანიზაციის შერჩევა უკვე დაიწყონ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კლინიკებს 2-3 სტანდარტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება მიეცემათ, რომელთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც 2025 წლიდან ექნებათ და მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ შეძლებენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება თავად სტანდარტებს, საუბარია სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე.

რამდენიმე კლინიკას, საკუთარი ინიციატივით, უკვე გავლილი აქვს ეს აკრედიტაცია.

„სანამ მათი შესრულება სავალდებულო გახდება, 2 წელზე მეტია დარჩენილი. ვფიქრობთ, სამედიცინო დაწესებულებებს გონივრულ ვადას ვაძლევთ ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომ ოპერირება შეძლონ, ან მაშინ განაგრძონ, როდესაც ყველა პირობას შეასრულებენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის ივლისში.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …