მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკები რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტების ამოქმედების ვადების გადაწევას ითხოვენ

კლინიკები რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტების ამოქმედების ვადების გადაწევას ითხოვენ

ჯანდაცვის ასოციაცია ითხოვს, რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტების ძალაში შესვლა გადავადდეს.

ინფორმაციას თავად ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ საკითხე შეხვედრა 4 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა და მას ჯანდაცვის ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და უწყების სხვა წარმომადგენლები.

როგორც ცნობილია, რეანიმაციის და ქირურგიის სტანდარტები ძალაში 2023 წლის 1 სექტემბრიდან შედის. კლინიკების მხრიდან ძირითადი მოთხოვნა ეხებოდა სტანდარტების ძალაში შესვლის გადავადებას, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა შეძლონ ახალ სტანდარტებზე გადაწყობა და კლინიკების შესაბამისად აღჭურვა.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები გასული წლის ნოემბერში დამტკიცდა.

კანონის თანახმად, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

ქირურგიის სტანდარტების თანახმად, სტაციონარის ნებართვა არ გაიცემა დაწესებულებაზე, რომელიც განთავსებული იქნება საცხოვრებელ შენობაში. დეპარტამენტში არანაკლებ 5 ქირურგიული საწოლი უნდა იყოს. პალატაში გათვალისწინებული უნდა იქნას საწოლის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ქირურგიული ერთეულის ყველა ექიმი-სპეციალისტი  უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 30 ქულას.

ჯანდაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ ქირურგიის ახალი სტანდარტები დაწესებულებებს პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, ჰოსპიტლების ნაწილს საწოლების რაოდენობის შემცირება მოუწევს, ასევე რთული იქნება რეანიმატოლოგებისა და ექთნების იმ რაოდენობით ზრდა, რასაც ახალი სტანდარტი მოითხოვს. ძველი კლინიკებისთვის კი  პრობლემაა ინფრასტრუქტურის განახლებაც.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …