მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, აცრის შემდეგ ანტისხეულების ანალიზის ჩატარება „არაფრის მომცემია“

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, აცრის შემდეგ ანტისხეულების ანალიზის ჩატარება „არაფრის მომცემია“

აცრის შემდეგ ანტისხეულების კონტროლი საჭირო არაა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, მსგავსი კვლევები არის ტვირთი ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან კლინიკებს მათ უწევთ არფრისმომცემი დანახარჯის გაწევა და მედპერსონალის მოცდენა არასაჭირო ანალიზისთვის.

ზახაშვილს მაგალითად მოჰყავს წითელა, რომელზე აცრის შემდეგაც არცერთი მშობელი არ ამოწმებს, განუვითარდა თუ არა მის შვილს ანტისხეულები. ზახაშვილის შეფასებით, ანტისხეულების შემოწმება „სპორტულ ინტერესს“ ჰგავს.

ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ანტისხეულების მიხედვით ადამიანის იმუნურ სტატუსთან დაკავშირებით რაიმე დასკვნის გაკეთება არაა რეკომენდებული და მსგავსი რეკომენდაცია არაა დაფიქსირებული არცერთი მწარმოებლის ან საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, როგორიცაა დაავადებათა კონტროლის ამერიკის  ან ევროპის ცენტრები, ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

ზახაშვილის თქმით, ანტისხეულების ე.წ ტიტრი არ გამოიყენება არაფრის დიაგნოსტიკისთვის და მსგავსი ანალიზი იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მხოლოდ ექიმებისთვის, როცა  მათთვის აუცილებელია იცოდნენ, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს პაციენტის ორგანიზმი კოვიდის გადატანაზე.

ამასთან, ეპიდემიოლოგის განმარტებით, მსგავს კვლევას ის ნაკლი აქვს, რომ არ არსებობს უნიფიცირებული სიტემა მსგავსი ანალიზის ჩასატარებლად ანუ თუ  ჩავიტარებთ ანალიზს, რთული იქნება რაიმე საერთო კრიტერიუმთან შედარება, ამასთან არ არსებობს არც გადაყვანის კოეფიციენტი, რაც აღნიშნულ მაჩვენებლებს ერთნაირს გახდიდა.

„ესაა ტყუილი რბოლა ანტისხეულების ტიტრის საძებნელად. თუ ვინმემ მაინც ჩაიტარა და ანტისხეულები არ აღმოაჩნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ანტისხეული არ აქვს, არის სხვა მეხსიერება ანტიგენის მიმართ. ამიტომ, როგორც კი კოვიდის გამომწვევებთან გექნებათ კონტაქტი, ეს მეხსიერება დაიწყებს დაცვის გამომუშავებას და იქნებით დაცული დაავადებებისგან,“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს, დაიწყოს ნაციონალური კვლევა, რომელიც აჩვენებს კოვიდის იმუნიტეტს საქართველოს მოსახლეობაში და ამ კვლევის ფარგლებში დასკვნები სტანდარტიზებული მეთოდოლოგიით გაკეთდება.

ინფორმაციისთვის: ამ ეტაპზე ანტისხეულების შემოწმების სერვისს მოსახლეობას არაერთი კლინიკა სთავაზობს. ასეთი ანალიზის ღირებულება 30-50 ლარის ფარგლებშია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …