კოვიდის ვაქცინა არ არის უკუჩვენება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის ინფიცირებული კოვიდით და იმყოფება ინკუბაციურ პერიოდში, ანუ, კლინიკური ნიშნები არ აქვს მას გამოხატული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განმარტა.
როგორც ზახაშვილმა განაცხადა, კოვიდის უსიმპტომოდ მიმდინარეობისას აცრა შესაძლებელია და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი იმუნიტეტი. მისივე თქმით, ვაქცინა ვერ დაამძიმებს კოვიდის მიმდინარეობას, თუნდაც მისი კლინიკური ნიშნები გაჩნდეს მოგვიანებით.
“მერწმუნეთ, თუ ადამიანს აქვს კოვიდინფიცირება და მას აქვს დაწყებული რაიმე კლინიკური ნიშანი, ჩვენი სამედიცინო პერსონალი შეძლებს მის იდენტიფიკაციას. მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება იყოს უსიმპტომო კოვიდი, რაც რეალურად, მართლაც იშვიათი მოვლენაა და არ არის ისე გახშირებული. ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ხშირი მოვლენაა. უსიმპტომო კოვიდის დროს, აცრა არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი, ნორმალური იმუნიტეტი, ხოლო კოვიდის ვაქცინა ვერ დაამძიმებს თვითონ დაავადება კოვიდის მიმდინარეობას, თუნდაც მისი კლინიკური ნიშნები გაჩნდეს მოგვიანებით, რადგან არც ერთი ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ჯერჯერობით მთელს მსოფლიოში კოვიდის წინააღმდეგ, არ შეიცავს კორონავირუსის ცოცხალ ეგზემპლარებს, შესაბამისად, მათ უბრალოდ არ შეუძლია გამოიწვიონ კოვიდის კლინიკური ნიშნები ან კოვიდით დაავადება,“- განაცხადა ზახაშვილმა.