საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში 10%-ით შემცირდა და ამ ეტაპზე 57%-ს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემებს ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტუტუტი (covid19.healthdata.org) აქვეყნებს. მანამდე ეს მაჩვენებელი 66% იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან ორ-თვე ნახევრის თავზე ორჯერადად მოსახლეობის მხოლოდ 2,5%-ია აცრილი. მინიმუმ ერთი დოზა კი მოსახლეობის დაახლოებით 7%-ს აქვს მიღებული. ამ ფონზე, პირბადეების ღია სივრცეებში ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან გაუქმდა. 1 ივნისიდან კი გახსნილია სახმელეთო საზღვრები, რის შემდეგაც ქვეყანაში ტურისტული ნაკადი გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის, პირბადეების გამოყენების ფაქტებს იშვიათად ნახავთ ტურისტულ ობიექტებში, დახურულ სივრცეებში, სადაც უცხოეთიდან, მათ შორის მძიმე ეპიდსიტუაციის მქონე რუსეთიდან შემოსული ტურისტები მრავლად არიან.
შსს-ს საიტზე კოვიდრეგულაციების დარღვევის ბოლო დღიური სტატისტიკა 14 ივნისსაა გამოქვეყნებული. აღნიშნულ სტატისტიკას უწყება მანამდე ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებდა.
ბოლო პერიოდში შეზღუდვები არაერთმა ქვეყანამ მოხსნა. მათ შორისაა თურქეთი, სადაც 1 ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება, კაფეებსა და რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში იხსნება, პანდემიის გამო დახურული სამუშაო ადგილები და კინოთეატრები ხელახლა იხსნება.
ამასთან, ღია სივრცეში საქორწილო ცერემონიალების გამართვა სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი, თუმცა, შიდა ცერემონიებისთვის გარკვეული შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს.
დაიშვება კონცერტები და ფესტივალები, თუმცა მხოლოდ დადგენილი წესების დაცვით.
თურქეთში სრულად ვაქცინიცრებულია მოსახლეობის 18%, ერთჯერადი დოზა კი მოქალაქეთა 40%-ს აქვს მიღებული.
ისლანდია პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება აღარ უწევთ.
ისლანდიის მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის 87 პროცენტი ვირუსის ერთი დოზით მაინც არის აცრილი.