„ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე აცხადებს, რომ თბილისსა და დიდ ქალაქებში სექტორში დასაქმებულების ხელფასი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მინიმუმზე მაღალია, თუმცა პრობლემები რეგიონულ ჭრილში იმ კლინიკებშია, რომლებიც ზარალიანია.
BMG-სთან საუბრისას კობახიძე ამბობს, რომ კერძო სექტორში მინიმალური ხელფასის შემოღება ახალ სამედიცინო ანაზღაურების სქემაზე (DRG) იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ შევადარებთ, რეგიონების და თბილისის კლინიკებს, დედაქალაქში, ჩვენს ქსელში ბევრად მეტიც კია მინიმალური ხელფასი და იმ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც დიდი მობილობაა, თუმცა ალბათ უნდა შევხედოთ რეგიონულ ჭრილში, სადაც მობილობა იმდენად მცირეა და დამოკიდებულია დოტაციურ დაფინანსებაზე, რომ არა მინიმალური ხელფასი, არამედ დამატებით ყოველთვიურად ზარალიანი კლინიკების შენახვაც უწევს სექტორს;
მაგრამ ყველაფერი შეიძლება გასწორდეს და პირიქით უფრო მაღალიც კი იყოს იმ შემთხვევაში, თუ DRG სწორი მექანიზმებით დაინერგება. ის მოიცავს პაციენტის ასაკს, მის სამედიცინო მდგომარეობას, დიდი ყურადღება გამახვილდება პრევენციულ კვლევებზე და მეოთხე და მეხუთე სტადიის ონკოპაციენტი არ იქნება მივლენილი ამა თუ იმ რეგიონში. ეს გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ძალიან გვინდა, რომ უფრო მაღალი ანაზღაურება იყოს ჩვენს ქსელში. თუმცა რაღაც რეგიონში გვეძლევა შესაძლებლობა, სადღაც არა, სავალდებულო ჭრილში ყველაფერი დამოკიდებული იქნება ახალ სამედიცინო ანაზღაურების სქემაზე, რომელსაც ველოდებით.“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესება ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს შეეძლო. რაც შეეხება კერძო კლინიკებს, იგივე მოდელი მათთვის სავალდებულო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ახალი ტარიფების ამოქმედების შემდეგ იქნება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში DRG სისტემაზე გადასვლას გეგმავს, რაც დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების შემოღებას მოიაზრებს. შესაბამისი თხოვნით სახელმწიფოს ჯანდაცვის სექტორმა მიმართა. კლინიკების განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში განსაზღვრული ტარიფები მათ თვითღირებულებას ვეღარ ფარავს, ამიტომაც საჭიროა ტარიფების გადახედვა.