7 სექტემბერს ჯანდაცვის ასოციაცია შეიქმნა, რომლის ერთერთ მთავარ მიზნად მთავრობასთან ტარიფების საკითხზე კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღებაში ჰოსპიტალური სექტორის აქტიური ჩართვა დასახელდა.
ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარის მაია მახარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მათი წარმომადგენლის ონლაინ-შეხვედრა უკვე შედგა, თუმცა ახლა ემზადებიან მთავარი შეხვედრისთვის, რომელზეც უკვე კონკრეტული წინადადებები უნდა წარადგინონ.
„ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს პრობლემები ტარიფებთან დაკავშირებით, ახლა კი ჩვენი ასოციაციის წევრ და არაწევრ კლინიკებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდეთ კონკრეტული წინადადებებით,“ – განაცხადა მახარაშვილმა.
მისი განმარტებით, საქმე ეხება რეანიმაციის და კარდიოლოგიის სერვისების ტარიფებს, რომლებიც 520-ე დადგენილებით გათანაბრდა და, რაც მთავარია, საუბრის თემა უნდა იყოს ის სერვისები, რომლებზეც მომავალში მოხდება ტარიფების ზრდა და ამ პროცესს კლინიკური სექტორი მომზადებული უნდა შეხვდეს.
შეგახსენებთ: ტარიფების გათანაბრება გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სამედიცინო მომსახურებებზე საერთო ტარიფის დაწესებას, რომლის გაზრდის უფლებაც კლინიკებს არ აქვთ. 520-ე დადგენილების ამოქმედებას, რომელიც სწორედ ამ თემას არეგულირებს, კლინიკების ნაწილის პროტესტი მოჰყვა – მათი განცხადებით, დადგენილი ტარიფები დაბალია და მათ პრობლემების წინაშე აყენებს.
Jandacva.ge-სთან საუბარში მაია მახარაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ჰოსპიტალურ სექტორს ნამდვილად შეუქმნა პრობლემები. მაგალითად, მისი თქმით, დაწესებული ტარიფი ვერ ფარავს კარდიოქირურგიაში სახარჯი მასალის ფასს,რომელიც მას შემდეგ, ლარის გაუფასურების გამო, კიდევ უფრო გაიზარდა. მართალია, მთავრობამ საკუთარი ხარჯით შემოიტანა დეფიბრილატორები, თუმცა არსებობს სხვა აუცილებელი ტექნოლოგიები, რომლებიც კარდიოქირურგიაში გამოიყენება. რეანიმაციის ნაწილში კი, მახარაშვილის განცხადებით, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა, რადგან იქ მოთავსებულები არიან მძიმე პაციენტები, რომლებიც მედიკამენტებზე არიან დამოკიდებულები. ამასთან, მაია ხერხეულიძე ამბობს, რომ შექმნილი პრობლემები კლინიკების ფინანსურ მაჩვენებლებზე ნეგატიურად აისახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტარიფების გათანაბრების შედეგები ჰოსპიტალურმა სექტორმა საკუთარ თავზე აიღო და ამას არ დაუზარალებია პაციენტების მომსახურების ხარისხი. თუმცა, მისივე განცხადებით, მომავალში, ტარიფების სხვა მომსახურებებზე გათანაბრებამ შესაძლოა პაციენტების მომსახურების ხარისხზეც ნეგატიური გავლენა იქონიოს, ამიტომ ცვლილების მიღებამდე აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროსთან წინასწარი კომუნიკაცია.
„ხეჩინაშვილის კლინიკა მრავალპროფილური დაწესებულებაა და მაგალითად რეანიმაციის განყოფილების ზარალი შესაძლოა სხვა განყოფილებამ გადაფაროს. ფაქტი, რომ რეანიმაციული განყოფილება ჩვენთან ზარალიანია, ავტომატურად ნიშნავს, რომ 520-ე დადგენილებით მიყენებული დარტყმა ჩვენს თავზე ავიღეთ და პაციენტების მომსახურების ხარისხი არ გაუარესებულა,“- აცხადებს მაია მახარაშვილი და აღნიშნავს, რომ მომავალში ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს ტარიფების გათანაბრებას სხვა სფეროებზეც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ მრავალპროფილური კლინიკები ახერხებენ, სხვა მიმართულებების ხარჯზე დააბალანსონ ზარალი, პროფილური კლინიკების ნაწილი, შესაძლოა, ფასების გათანაბრების შედეგად, უბრალოდ დაიხუროს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის ასოციაცია მუშაობს კონკრეტულ წინადადებებზე და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ ნახევარში შედგება.