ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ტარიფების გათანაბრების პრინციპი, კარდიოქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის შემდეგ, სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდეს. ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განუცხადა.
„ერთიანი სატარიფო პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება. 520-ე დადგენილება იყო ამ ტიპის ინტერვენციის პირველი პრეცედენტი. კლინიკებთან დღესაც მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განისაზღვროს სწორი ტარიფი, რაც ჩვენ მოგვცემს ხარისხის და სწორი ფასის შენარჩუნების საშუალებას. ბოლო პერიოდში გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ თითქოს 520-ე და მსგავსი ტიპის დადგენილებები და ტარიფიკაციები აუცილებლად უკავშირდება ფასის შემცირებას, რაც ამ პროცესის სწორი შეფასება არ არის. სწორი ფასის დადგენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფასებში არსებული უთანაბრობა და ხშირად გაუმართლებელი უთანაბრობა, აღმოიფხვრას და ჩვენ ვიცოდეთ, რა ფასად რა გამოსავალი შეგვიძლია მივიღოთ. რა თქმა უნდა, კომპრომისი არ იქნება ხარისხში, ხარისხის გაუმჯობესებისთვის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი ინტერვენციები, რაც გაყვება ტარიფიკაციის პოლიტიკის განხორციელებას. რაც შეეხება სხვა სერვისებზე აღნიშნული პრინციპის გავრცელებას, მიმდინარეობს მუშაობა და როდესაც ვიქნებით მზად, შემდეგ ეტაპზე გადავალთ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი განმარტებით, პირველი ცვლილებები შეეხო კარდიოქირურგიას და ინტენსიურ თერაპიას. თუმცა კოვიდის მიმდინარეობის ფონზე, მომსახურების მოდელი შეიცვალა და იმ ინტერვენციებით, რომლებიც სამინისტრომ განახორციელა – მაგალითად დეფიბრილატორების პირდაპირი შესყიდვა – სერიოზული ფინანსური დანაზოგის საშუალება შექმნა.
„რეალურად, რეანიმაციის და გადაუდებელი დახმარების სერვისების უტილიზაციის მიმართულებით პრობლემები არ შექმნილა, სამინისტრო ამაზე კიდევ უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს გამოცდილება შემდგომ სამუშაო პროცესის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ფასების რეგულაციის მიზნითაც, თუმცა რა მოდელზეა საუბარი და როდის მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი, მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს.
“ვფიქრობთ, წამლის კანონზე მუშაობას პარლამენტი წელს დაიწყებს. დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი და როგორც კი გამოიკვეთება კონკრეტული მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ წვდომა ხარისხიან მედიკამენტებზე, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება. იქნება კონსულტაციები მონაწილე მხარეებთან და საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდება შეჯერებული პოზიციების გათვალისწინებით იმისთვის, რომ მოწოდებასა და მოთხოვნას შორის სწორი ბალანსი შენარჩუნდეს, ასევე არ შეიქმნას არც დეფიციტი და ხარისხის გარანტიებიც საკმარისი იყოს,“ – განუცხადა თამარ გაბუნიამ jandacva.ge-ს.
ინფორმაციისთვის: 520-ე დადგენილება სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. დადგენილება ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. გასული წლის დეკემბერში კი ჯანდაცვის სამინისტრომ, გამოცხადებული ტენდერის შედეგად 224 კარდიო-დეფიბრილატორი შეიძინა, რომელიც კლინიკებში გადანაწილდა. შეძენილი დეფიბრილატორების ჯამური ღირებულება 2.5 მილიონ ლარს აღემატება. კარდიოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები მანამდე აცხადებდნენ, რომ 520-ე დადგენილება მათთვის განსაკუთრებულად პრობლემური სწორედ დეფიბრილატორების გამო იყო, რადგან დეფიბრილატორის იმპლანტაცია ძვირადღირებული პროცედურაა. ამიტომ მათ სამინისტროს აღნიშნული პროექტი დადებითად შეაფასეს.