1 წლის განმავლობაში, კარდიო-დეფიბრილატორები 287 ბენეფიციარს უსასყიდლოდ გადაეცა.
ტარიფიკაციის შედეგად, კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე დანახარჯი 28.2 % – ით შემცირდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მუშაობის 1 წლის შემაჯამებელ ღონისძიენაზე, სააგენტოს დირექტორმა თამარ მელიქიძემ განაცხადა.
„2021 წელს ტარიფიკაციის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაიწყო კარდიოქირურგიული პაციენტებისთვის ძვირადღირებული მოწყობილობების-დეფიბრილატორების დაფინანსება, რის შედეგადაც მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება, შედეგად, მოქალაქეების მხრიდან თანაგადახდის ოდენობა, რომელიც 20 000 ლარზე მეტი იყო, დღეს 700 ლარამდე ჯდება,“ – განაცხადა მელიქიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებითაც. გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები 8000 ლარით.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის კომპონენტის სრული ინტეგრაცია. ახალი მექანიზმით გაიზარდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტები საჭირო პრეპარატებს სრული დაფინანსებით იღებენ.
მელიქიძის განცხადებით, ასევე მოწესრიგდა კლინიკებისადმი ფინანსური ანგარიშსწორების სისტემა და ვადები.
სააგენტოს ფუნქციაა, არსებული რესურსების მიზნობრივად და კონკრეტულ საჭიროებებზე გონივრული გადანაწილებითა და ჯანდაცვის პროგრამების შეუფერხებელი განხორციელებით, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის საგრძნობი გაუმჯობესება.