პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კარანტინისა და კოვიდ სასტუმროებით 186 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა. მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც კარანტინისა და კოვიდსასტუმროების სისტემა დაინერგა. პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო 260 სასტუმრომდე. საკარანტინე და კოვიდ სასტუმროების პროექტის შედეგად, მსოფლიო პანდემიის დროს, დასაქმდა და სამსახური შეინარჩუნა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა.
Covid-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის დასაბალანსებლად და ტურიზმის სექტორის სწრაფად და უსაფრთხოდ აღდგენის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2020 წლის მარტიდან ჩართულია საკარანტინო სივრცეების მართვის პროცესში. პროცესი მოიცავს საკარანტინე, კოვიდ და ცხელების სასტუმროების მობილიზებას და მათ მართვას ქვეყნის მასშტაბით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს ყველა სასაზღვრო პუნქტიდან (აეროპორტები, პორტები, სასაზღვრო გამშვები პუნქტები) მგზავრების გადაყვანას საკარანტინე სივრცეებში. ასევე ხდება მოქალაქეების ტრანსპორტირება, როგორც კლინიკიდან – კოვიდ სასტუმროში, ასევე პირიქით – კოვიდ სასტუმროდან – კლინიკაში.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდასაჭერად საგანგებოდ შეიმუშავა ადაპტირებული რეგულაციები : ბიზნესის წარმომადგენლებთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბიზნეს ომბუდსმენთან
თანამშრომლობითა და კომუნიკაციით, განთავსების ობიექტების, გიდების, ტურისტული ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის შემუშავდა რეკომენდაციები.
Covid-19 ადაპტირებული რეგულაციების სწრაფად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მასშტაბური გადამზადების პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა ტურიზმის ინდუსტრიის 1,280 წარმომადგენელი.