„კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული მხედველობის არეშია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო არასოდეს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად.
„ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს“, – თქვა გებრეიესუსმა.
დასავლური მედიის შეფასებით, ვირუსმა, რომელიც გაჩნდა ჩინეთში 2019 წლის ბოლოს, თითქმის 6.5 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და 606 მილიონი დაინფიცირდა. პანდემიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და ჯანდაცვის სისტემას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების სტატისტიკა ყველაზე დაბალი იყო 2020 წლის მარტის შემდეგ.