ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს აქვს გარკვეული იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ. ეს იმუნიტეტი ვირუსის გადატანის ან ვაქცინაციის დამსახურებაა. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ახალი, საშიში მუტაციის გაჩენის საფრთხე კვლავ არსებობს.
„ჩვენ გაცილებით ახლოს ვართ იმის თქმასთან, რომ პანდემიის საგანგებო ფაზა დასრულდა, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ინფიცირებულების აღრიცხვის, ტესტირების, ვირუსის გენომის სექვენირებისა და ვაქცინაციის კუთხით არსებული პრობლემები დღემდე ქმნის პირობებს კოვიდ 19-ის ახალი შტამის წარმოსაქმნელად, რომელმაც, შესაძლოა, მაღალი სიკვდილიანობა გამოიწვიოს.
რაც შეეხება მსოფლიოში დღეს არსებულ პანდემიურ ვითარებას, ჩინეთში კოვიდმა ისტორიული რეკორდი დაამყარა და მიმდინარე წლის 23 ნოემბერს დაფიქსირდა 32 ათასამდე ახალი შემთხვევა. უჰანის მცხოვრებლებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ სამსახურში მისვლისგან. პეკინში დახურულია პარკები და მუზეუმები, ჩანჰაიში კი სხვა რეგიონებიდან ჩასული ადამიანები ვალდებულნი არიან, ჩააბარონ ტესტი კორონავირუსზე და სამი დღე იზოლაციაში გაატარონ.