ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით მსოფლიოში არსებულ ვითარებას „საგანგებო“ სტატუსი მოუხსნა, განმარტებებს აკეთებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.
გავრცელებულ წერილში ცერცვაძე ამბობს, რომ „ვირუსი ჯერ არსად წასულა.“
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გლობალურ პანდემიად გამოცხადების დღიდან (2020 წლის 11 მარტი) 1151 დღის შემდეგ ა.წ. 5 მაისს დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა. თუმცა აღნიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად. ეს იმას ნიშნავს, რომ COVID-19 გლობალური ჯანმრთელობისთვის აღარ წარმოადგენს კრიტიკულ და საგანგებო საფრთხეს და ქვეყნებს შეუძლიათ COVID-19-ის საგანგებო მართვიდან გადაეწყონ და COVID მართონ ისე, როგორც მართავენ სხვა ინფექციურ დაავადებებს. ამავე დროს ჯანმო-მ აღნიშნა, რომ COVID არ დასრულებულა და მხოლოდ გასულ კვირას მსოფლიოში COVID-19-ის გამო ყოველ 3 წუთში 1 ადამიანი კვდებოდა და ეს მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ვიცით. ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. ამასთან ჯანმო აპირებს მიიღოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შექმნას კომიტეტი, რომელიც ქვეყნებისთვის COVID-19-ის მართვის გრძელვადიან წესებს შექმნის,“ – წერს ცერცვაძე.
მისი თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად.
ამასთან, ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი დარჩენილ რისკებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები.
„კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას. ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვევაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ პაქსლოვიდის ან რემდესივირის გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები,“ – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე მის მიერ გავრცელებულ წერილში.