ჯანდაცვის სისტემა სერვისების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასასვლელად უკვე რამდენიმე წელია ემზადება. საუბარია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების, ანუ DRG მეთოდზე, რომელსაც საერთაშორისო დონეზე არაერთი ქვეყანა აქტიურად იყენებს.
DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.
„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით სერვისის მიმწოდებლების ანაზღაურება უკვე თითქმის ორი წელია ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება, როგორც ახალი მოდელი. ერთი სერვისი, რომელსაც DRG მეთოდის მექანიზმით ვაფინანსებთ ტუბერკულოზის სერვისია. ეს თავისთავად არ არის კომპლექსური ნოზოლოგია, მაგრამ გასულ წელს ამოქმედდა და საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ. DRG სისტემაში ეფექტურობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თუმცა მისი დანერგვის პირველი ეტაპი სწორი ტარიფების განსაზღვრა უნდა იყოს. იმის მიუხედავად, რომ DRG ჯგუფები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექპსერტებთან ერთად რამდენიმე ხნის წინ განისაზღვრა მათი განფასების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია. ბაზარზე სხვადასხვა მიმწოდებელს შორის სერვისების ფასები ძალიან მრავალფეროვანია. ვიდრე ერთიანი სატარიფო მექანიზმი არ დაინერგება, ამ ფასების დაჯგუფება რთული იქნება. ეს პროცესები მიმდინარეობს და ვფიქრობ, ზაფხულის ბოლომდე გვექნება კარგი საფუძვლები იმისთვის, რომ DRG მექანიზმის დანერგვა გააქტიურდეს“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორის“ საპასუხოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლა რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი არჩევანია ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, დავით სერგეენკო „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, DRG მეთოდი ბიზნესოპერაციებს ამარტივებს, სამედიცინო დახმარების ხარისხს კი აუმჯობესებს.
„კლინიკებისთვის სერვისების ფასების გათანაბრება კონცეპტუალური საკითხი არ არის. ის მაინცდამაინც განსხვავებული არასდროს ყოფილა. მაქსიმუმ 10%-ის ფარგლებში მერყეობდა. საკუთრივ ფასწარმოქმნის მექანიზმია შესაცვლელი, რომელიც ადრე ემყარებოდა საშუალო სტატისტიკურ კანონზომიერებას. ის უნდა დაეფუძნოს დიაგნოზთან შეჭიდულ ჯგუფებს (DRG). ეს არის თანამედროვე მოდელი. ეს რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გზაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნები უფრო ცდილობენ, რომ გადავიდნენ ე.წ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების პრინციპით ანაზღაურებაზე. საერთაშორისო კლასიფიკატორით არსებული სისტემა მოიცავს 13 000-მდე სახეობის ინტერვენციას, რომლის მიხედვითაც კლინიკები შესრულებულ სამუშაოს წარმოადგენენ. 13 000 სახის ინტერვენციიდან კი თითოეული შედგება შიგნით კიდევ რამდენიმე ასეული, ან ათასი სახეობის ჩარევისგან. ანუ, ჯამში გამოდის, რომ თუ წელიწადში გვაქვს 14 მილიონი პაციენტის ვიზიტი, ამ ჩარევების ნაირსახეობა, ცვლადები არის რამდენიმე მილიარდამდე, რისი კონტროლიც ძალიან რთულია. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები კი რამდენიმე რამეს აკეთებს. პირველი ის, რომ 13 000 სახეობის ინტერვენციას კუმშავს 454 სახის ინტერვენციამდე; მეორე, ფასწარმოქმნაში აქვს კლასიფიკატორი. მაგალითად, ბრმანაწლავის ოპერაცია თუ ეღირება ერთი ერთეული, თიაქარის ოპერაცია ეღირება ერთნახევარი ერთეული, გულზე სარქვლის გამოცვლა 15 ერთეული. ეს ერთეულები როგორ გამოითვლება ეს კიდევ სხვა საკითხია. ანუ, ეს არის ლოგიკური სისტემა, რომელიც ამარტივებს ბიზნესპროცესებს და უფრო მეტად კონტროლირებად ხდის სამედიცინო დახმარების ხარისხს. DRG-ის ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ისიც, რომ მთლიანი ბიუჯეტი იყოფა იმ ერთეულებზე, რომელიც ვახსენე და ასე ანგარიშდება, ძალიან ღიად, გამჭვირვალედ და ყველასთვის გასაგებად ეს ტარიფები“,- აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ DRG მეთოდოლოგიის დანერგვა კლინიკებისთვისაც ხელსაყრელია.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იმის გათვალისიწნებით რომ ძალიან ბევრი კლასიფიკატორი და ცვლადია გასაანალიზებელი, სანამ თანხას გადაურიცხავ, ეს იწვევს საბოლოო ანგარიშის წარდგენის გაჭიანურებას და 3 თვის განმავლობაში ხდება თანხის ანაზღაურება. ამ პერიოდის შეკუმშვა შესაძლებელია 2 კვირამდე. ეს ყველასთვის კარგია, მათ შორის კლინიკებისთვისაც“,- განმარტა მან.
კითხვაზე, თუ როდის გადავა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სერვისების ანაზღაურების აღნიშნულ მეთოდზე, სერგეენკოს მაგალითად საერთაშორისო პრაქტიკა მოჰყავს და ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებსაც კი ამ პროცესისთვის რამდენიმე წელი დასჭირდათ.
„თურქეთს 9 წელიწადი დასჭირდა ამ სისტემაზე გადასასვლელად. ბალტიისპირეთის ქვეყნები ბევრად უფრო ტექნილოგიურად გამართული შეხვდნენ და 4 წელში მოახერხეს DRG სისტემაზე გადასვლა. ჩვენთანაც ეს მოსამზადებელი პერიოდი დასრულდა 2018 წლის ბოლოს და უკვე არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექპსერტები გვეხმარებიან. გაწერილია ის ეტაპები, როგორ უნდა მოხდეს იმპლემენტაცია“,- აღნიშნა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.