დიღმის ოლიმპიურ სოფელში, ფრენბურთის მოედანზე, 500 საწოლზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იქ უკვე შეტანილია საწოლები და სამედიცინო აღჭურვილობა, საწოლების უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი, რისთვისაც ორი 5-ტონიანი ცისტერნა დაიდგა. მინისტრის განმარტებით, სწორედ ჟანგბადია ყველაზე მნიშვნელოვანი კოვიდპაციენტების მართვისთვის.
ამასთან, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში სამხედრო საველე პირობებისთვის ექიმების მომზადება არ ხდებოდა, თუმცა ქვეყანას ყავს მედიკოსები, რომლებსაც განათლება იმ პერიოდში აქვთ მიღებული, როცა სამხედრო მომზადება სავალდებულო იყო, და ამ კუთხით მათ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება.
როგორც ტიკარაძემ იმერეთში „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება.
“რაც შეეხება ექიმებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, თუმცა დღესდღეობით პრაქტიკოს ექიმთა მეტ ნაწილს განათლება მიღებული აქვს იმ პერიოდში, როდესაც სამხედრო გადამზადება სავალდებულო იყო. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება და მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა საველე ჰოსპიტალი გამოყენებული იყოს უკიდურეს შემთხვევაში. მაქსიმალურად ვეცდებით, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება. აქედან გამომდინარე, საველე ჰოსპიტალი არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო დღეს უკვე მზად არის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მაქსიმალურად ვეცდებით საქართველოს არც ერთ ქალაქში საველე ჰოსპიტლებში არც ერთი პაციენტის მომსახურება საჭირო არ გახდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
როდის შეიყვანენ პირველ პაციენტს საველე ჰოსპიტალში, ეს კლინიკურ სექტორში ადგილების ფონდზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ჰოსპიტლებში 7427 კოვიდსაწოლია გამოყოფილი, მათგან თავისუფალი ადგილების რაოდენობა დღითიდღე მცირდება და დღეს თავისუფალი საწოლი მხოლოდ 441-ია.